„ვერ ლაპარაკობს და როგორ გიპასუხებთ?!“– პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა [ვიდეო]

24-01-2022 17:05:57 სამართალი

პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა.

ფაქტის ამსახველი კადრები, რომელიც „ტვ პირველმა“ მოიპოვა, სავარაუდოდ, მეტროს სადგურ ისანშია გადაღებული.

ჩანაწერის სრულ ვერსიაში, რომელიც არხმა ეთერში გაუშვა, ისმის, რომ ახალგაზრდა კაცის თანმხლები პირები ცდილობენ, პოლიციას განუმარტონ, რომ მათი სამიზნე ყრუ–მუნჯია და რომ მათ კითხვებს ვერ უპასუხებს.

„ვერ ლაპარაკობს და როგორ გიპასუხებდათ?“– ეკითხება შშმ პირის თანმხლები პოლიციელებს.

"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ეუბნება პოლიციელი მოქალაქეს, ახალგაზრდა ოთახში შეჰყავს და მასზე ფიზიკურად ძალადობს.

საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

"2022 წლის 24 იანვარს მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ვკითხულობთ ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

მომხდარს მოგვიანებით გამოეხმაურა შსს. უწყებამ ძალადობა ძალადობა დაგმო:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა, არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები