Accentnews.ge
შსს პოლიციელის მიერ მოქალაქეზე სასტიკი ძალადობის ფაქტს ეხმიანება

შსს პოლიციელის მიერ მოქალაქეზე სასტიკი ძალადობის ფაქტს ეხმიანება

24/01/2022 13:58:24 სამართალი

შსს ეხმიანება პოლიციელის მიერ მოქალაქეზე სასტიკი ძალადობის ფაქტს და აცხადებს, რომ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტე მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა, არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო“,– ვკითხულობთ შსს–ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელის მიერ მოქალაქეზე ძალადობის ამსახველი კადრები "ტვ პირველმა" გაავრცელა.

ჩანაწერის სრულ ვერსიაში, რომელიც არხმა ეთერში გაუშვა, ისმის, რომ ახალგაზრდა კაცის თანმხლები პირები ცდილობენ, პოლიციას განუმარტონ, რომ მათი სამიზნე ყრუ–მუნჯია და რომ მათ კითხვებს ვერ უპასუხებს.

„ვერ ლაპარაკობს და როგორ გიპასუხებდათ?“– ეკითხება შშმ პირის თანმხლები პოლიციელებს.

"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ეუბნება პოლიციელი მოქალაქეს, ახალგაზრდა ოთახში შეჰყავს და მასზე ფიზიკურად ძალადობს.

საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

"2022 წლის 24 იანვარს მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ვკითხულობთ ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S