
პუტინს ჩეჩნეთის სისხლისღვრა ბრიტანეთის პრემიერმაც შეახსენა
24/01/2022 16:41:05 ევროპა
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმა იქნება კატასტროფული ნაბიჯი და შეიძლება, ეს მათთვის "ახალი ჩეჩნეთი" გახდეს.
მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების თვალსაზრისით ბრიტანეთს წამყვანი როლი აქვს და ის ამ საკითხზე სხვა პარტნიორ ქვეყნებსაც ესაუბრება.
როგორც ჯონსონმა განაცხადა, დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან 60 რუსული საბრძოლო ჯგუფია.
"ყველა ხედავს ელვისებური ომის გეგმას, რომლითაც შეიძლება, კიევი აიღონ. რუსეთისთვის ძალიან ცხადი უნდა გავხადოთ, რომ ეს იქნება კატასტროფული ნაბიჯი. ჩვენ ასევე უნდა გავგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა, რუსეთის გადმოსახედიდან, იქნება მტკივნეული, დაუნდობელი და სისხლისმღვრელი საქმე. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ხალხმა გაიგოს - ეს შესაძლოა, ახალი ჩეჩნეთი იყოს. უკრაინაში რამდეჯერმე ვარ ნამყოფი, ცოტათი ვიცნობ ამ ქვეყნის ხალხს და ჩემი შეფასებით, ისინი იბრძოლებენ", – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზ მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 1990-იანი წლების პირველ ნახევარში, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, თითქმის ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობები წარმოიშვა. მათ შორის ეროვნული მოძრაობები წარმოიშვა სხვადასხვა რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ ერთეულებში. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩეჩნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა იყო. მოძრაობის სათავეში სამხედროები აღმოჩნდნენ. ჯოხარ დუდაევი, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი გახდა, საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი იყო.
1994 წლის პირველ დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჩეჩნეთში სამხედრო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. პირველმა ჩეჩნურმა ომმა წელიწადი და 9 თვე გასტანა. რუსეთმა ამ ჯერზე ვერ მოახერხა ჩეჩნეთის დაპყრობა.
პირველი ომის შემდეგ, ჩეჩნეთი პრაქტიკულად დამოუკიდებელი გახდა, ეს დაადასტურა რუსეთის ხელისუფლებასთან დადებულმა ხასა-ვიურტის ზავმაც. ზავის შინაარსით წყდებოდა საომარი ვითარება, ჩეჩნეთისთვის სტატუსის მინიჭება კი ორი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო.
1999 წელს ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქებას 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რაც პუტინმა ჩეჩნებს დაუკავშირა და მოგვიანებით ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დაწყების საბაბად აქცია. 1999 წლის პირველ ოქტომბერს ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო. რუსეთის არმიამ გამოიყენა თითქმის ყველა ტიპის შეიარაღება. როგორც წესი, შეტევებს რეგიონის მშვიდობიან მაცხოვრებლები ეწირებოდნენ.
საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გროზნო სრულად განადგურდა. ქალაქში პრაქტიკულად არ გადარჩა არც ერთი შენობა. 2003 წელს გროზნომ მსოფლიოს ყველაზე გაჩანაგებული ქალაქის სტატუსი მიიღო. ათასობით მსხვერპლი და დევნილი – ასეთია ჩეჩნეთის მეორე ომის შედეგები.
იხილეთ ასევე: "კრემლმა გაკვეთილი ვერ ისწავლა" – ბრიტანელმა მინისტრმა რუსეთის დანაშაულებების კონტექსტში ჩეჩნეთი ახსენა