
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებადაც ოპოზიციონერი დეპუტატები აირჩიეს
25/01/2022 10:52:36 რეგიონები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარის ორ მოადგილედ ოპოზიციის წარმომდგენელი აირჩია.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ კორნელი სალიამ, რომელიც პარტია “საქართველოსთვის” წევრია, პირველი მოადგილის კანდიდატურაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ავთანდილ გაბელია დაასახელა, რომელიც ოპოზიციამ ერთხმად აირჩია. ასევე ერთხმად აირჩიეს მეორე მოადგილის პოზიციაზე “ლელოს” წარმომადგენელი გიორგი დარსალია.
“ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა სხდომას ესწრებოდნენ. მათ უარი განაცხადეს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზეც და თქვეს, რომ არ აპირებენ ოპოზიციის მიერ წინასწარ დაგეგმილ “მასკარადში” მონაწილეობას.
პარტიის წევრ ბესიკ ფარცვანიას განმარტებით, პროტესტის მიზეზი ისაა, რომ თანამდებობები არ ნაწილდება პროპორციულად, რაც გულისხმობდა თავდაპირველი შეთანხმება: 9 თანამდებობიდან 4 დაეკავებინა ენმ-ს და ამდენივე მმართველი გუნდის წარმომადგენელს, ერთი კი პარტია “საქართველოსთვის” წევრს.
შეგახსენებ, რომ ხანგრძლივი მცდელობების შემდეგ, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატი 20 იანვარს აირჩიეს.