
პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა
26/01/2022 07:51:58 სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავა.
"პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა. პროკურატურამ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, 26 იანვარს დააკავა. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს" - აცხადებენ უწყებაში.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან მაქსიმუმ 1 წლამდე შინაპატიმრობას, ანდა თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ 1 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება მას შემდეგ დაწყო, რაც ძალადობის ამსახველი კადრები ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ მედიაში გავრცელდა. ეს რიგით მეორე ვიდეოა, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელდა. მანამდე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც პოლიციელის მხრიდან შშმ მოზარდის ცემის ფაქტია ასახული.