
„ტექსტი რადიკალურად შეიცვალა, როგორც ჩანს, მითითება მიიღეს“ – ოპოზიცია და მმართველი გუნდი უკრაინის მხარდამჭერ სარეზოლუციო ტექსტზეც ვერ შეთანხმდა
26/01/2022 13:05:53 პოლიტიკა
საქართველოს მიერ უკრაინის მხარდამჭრ რეზოლუციას მრავალპარტიული მხარდაჭერა არ ექნება. საქმე იმაშია, რომ დღეს დილიდან ოპოზიცია და მმართველი გუნდი მსჯელობდა ტექსტზე. დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენელთა კომენტარებში ჩანდა ოპტიმიზმი, რომ საერთო ტექსტზე შეთანხმება შედგებოდა, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ დილით წარმოდგენილ ვერსიაში მათი შენიშვნები მეტ–ნაკლებად გაითვალისწინა, მოხდა შეჯერება პრინციპულ საკითხებზე და რჩებოდა დასაზუსტებელი ტექნიკური დეტალები, ფორმულირებები, "ვორდინგი".
მაგალითად, ხათუნა სამნიძემ შეთანხმებულ პრინციპულ საკითხებს შორის დაასახელა, რეზოლუციაში რუსეთის აგრესიის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ასახვა.
უკვე დღის მეორე ნახევარში, ტექსტის საბოლოო ვერსიის გაცნობის შემდეგ „რესპუბლიკელმა“ ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დილით წარმოდგენილი ტექსტიც კი შეცვლილია და რომ დოკუმენტს „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდაჭერა ვერ ექნება.
„საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, რადგან დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“ (საკუთარი ვერსია), გათვალისწინებული იყო ოპოზიციის რიგი მოთხოვნები. დღის განმავლობაში არაერთგზის ვთქვი, რომ „თუ რაიმე რადიკალურად არ შეცვალა, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებულია“. როგორც ჩანს, სწორედ რომ რადიკალურად შეიცვალა, როგორც ეს ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ დგამს ნაბიჯებს, როგორც ჩანს, მითითება მიიღეს, სხვანაირად ამას ვერ ვხსნი, რადგან არანაირი კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია „ქართული ოცნებისგან“. ის ტექსტიც კი, რომელიც დილით იყო წარმოდგენილი, შეიცვალა. ამ რეზოლუციის თანაავტორი „რესპუბლიკური პარტია“ არ იქნება“– განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მისი თქმით „ოპოზიციისგან მოთხოვნილი იყო უფრო მკაცრი ფორმულირებები, მაგალითად რუსეთის ფედერაციის როლზე ხაზგასმა“, რაც მისი თქმით, სარეზოლუციო დოკუმენტის ამჟამინდელ ვერსიაში ხაზგასმული არ არის:
„არაერთხელ აღვნიშნე, რომ „ქართული ოცნება ფრთხილია ამ პროცესში, რაც გასაგები იყო, მაგრამ პროცესში ჩანდა რომ რიგი ფორმულირებები, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა, არც ერთ ეტაპზე არ იყო აცდენილი რეალობას და არც იმ ტონს, რომელიც მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრისგან გვესმის. მან არ გაითვალისწინა კომენტარები. როგორც ჩანს, მზადაა, მხოლოდ თავად იყოს ინიციატორი და არ ჩათვალა საჭიროდ, ეს ინიციატივა ყოფილიყო საერთო“.
სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიცია საკუთარ ტექსტსა და სამოქმედო გეგმაზე შეჯერდება.
„რუსეთს ფედერაციის სამხედრო აგრესია მოხსენიებული არ არის, შესაბამისად ჩვენ თანაინიციატორები ვერ ვიქნებით“,– განაცხადა ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
ანალოგიური პოზიცია აქვთ „ლელოშიც“.
მანამდე „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ტექსტის „პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა არ არის სიფრთხილე და რომ ეს არის სწორი, პრაგმატული დამოკიდებულება“:
„თუმცა რაღაც დეტალებზე, რომელიც მართლა არ იყო მნიშვნელოვანი, იყო შენიშვნები. გადავხედავთ, ვიმსჯელებთ. თუ წამოვლენ იმაზე, რომ ტექსტი, უტრირებულად რომ ვთქვათ, დაცლილი იყოს პოპულიზმისგან, პროვოკაციული რიტორიკისგან, ამ შემთხვევაში შეთანხმება მარტივია“.
ამდენად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ტექსტს დააინიცირებს, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს და საკუთარ ტექსტს მოამზადებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021