
ხიდაშელი – რეზოლუციაზე: "კრემლმა შესაძლოა, მადლობა გადაუხადოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაიზიარა მისი პოზიცია"
27/01/2022 09:20:09 საგარეო პოლიტიკა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი თვლის, რომ უკრაინის საკითხზე პარლამენტის რეზოლუციის ტექსტის საბოლოო - "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ვერსია, რომელმაც ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ცალსახად შესაცვლელია.
„ტექსტი თავიდანაა დასაწერი: ტონალობა, მიდგომა, ფორმა, რომლითაც ის არის შემოთავაზებული, სრულფასოვნად დისტანცირებულია [უკრაინის ირგვლივ არსებული რეალობისგან]. გარდა იმისა, რომ მასში რუსეთი არაა ნახსენები, რაც უზარმაზარი პრობლემაა, [წაკითხვისას] განცდა გრჩება, რომ საიდანაც გინდა, ყურს იქედან „მოაბამ“. კრემლი გვეუბნება, „ნატო ახორციელებს აგრესიასო“. ამ რეზოლუციის წამკითხავმა კრემლმა შესაძლოა, მადლობა გადაუხადოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაიზიარა მისი პოზიცია, რომ ჩვენც სხვა მიგვაჩნია აგრესორად, რადგან იქ არაა ნათქვამი, ვინაა აგრესორი. როდესაც ბევრი სხვადასხვა აგრესორი სახელდება მედიასა თუ საერთაშორისო დიპლომატიურ ასპარეზზე, იქ პოზიცია მკვეთრად უნდა გამოხატო“,– ფიქრობს ხიდაშელი.
გარდა ამისა, მისი ხედვით, ტექსტი ისეა შედგენილი, თითქოს ამჟამად უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები საქართველოს არ ეხებოდეს: „მე მგონი, მართლა ჰგონიათ საქართველოს ხელისუფლებაში, რომ ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება“.
ხიდაშელის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რეზოლუციას როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხარდაჭერა ჰქონდეს, ხოლო კომპრომისის საფუძველი შესაძლოა, იყოს „რუსეთის“ ჩამატება იქ, სადაც აგრესიაზეა საუბარი.
"საქართველოს პარლამენტის განცხადება კრემლს არ შეაჩერებს, მაგრამ ქვეყანას სახეს შეუნარჩუნებს. და მეორე: ეს დააფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უკრაინისა და დასავლეთის გვერდითაა, რადგან ამ ბრძოლაში მარტო დარჩენა ჩვენთვს კატასტროფა იქნება“ - განაცხადა ექს-მინისტრმა "რადიო თავისუფლების" ეთერში.
რაც შეეხება მმართველი გუნდის არგუმენტს, რომ ტექსტი "პოპულიზმისა და პროვოკაციული ენისგან სრულადაა დაცლილი", ხიდაშელის თქმით, „პროვოკაციაა არა პოლიტიკური განცხადება, არამედ ახლა რომ გავგიჟდეთ, ლარსიდან გავტყორცნოთ ჯარი და შევიჭრათ ვთქვათ, ვლადიკავკაზში“.
იხილეთ ასევე:
რა (არ) წერია „ქართული ოცნების“ სარეზოლუციო პროექტში, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021