კადიროვმა სისასტიკით საკუთარ თავს გადააჭარბა

31-01-2022 21:22:27 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი იანგულბაევების ოჯახის მისამართით მუქარის, რომ „ამ ოჯახს ადგილი ელის ციხეში ან სამარეში“, აღსრულებას შეუდგა: 20 იანვარს ჩეჩენი ძალოვანები შეიჭრნენ იანგულბაევების სახლში ნიჟნი ნოვგოროდში და ჩეჩნეთის ყოფილი მოსამართლის საიდ ინგულბაევის მეუღლე ზარემა მუსაევა – ინსულტგადატანილი ქალი გაიტაცეს. ძალოვანები არც ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობამ დააბრკოლა. მას 15–დღიანი პატიმრობა განუსაზღვრეს და მეტიც, მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს სახელმწიფოს წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე. პოლიციის მტკიცებით, ქალმა შსს–ს ერთ–ერთ თანამშრომელს გროზნოში გადაყვანისას სახე დაუკაწრა. ამ მუხლით მას 10–წლიანი პატიმრობა ემუქრება.

უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მასთან არ უშვებენ ადვოკატს, თითქოს ქალმა თავად თქვა უარი საკუთარი უფლებების დაცვაზე.

გარდა ამისა, ზარემა მუსაევის ვაჟზე, ტერორიზმისკენ მოწოდების ბრალდებით ძებნა გამოცხადდა.

ინგულვაევების დევნას უკავშრებენ მუსაევის უფროსი ვაჟის – აბუბაქარ იანგულბაევის უფლებადაცვით საქმიანობას და მის შესაძლო კავშირს ოპოზიციურ ტელეგრამ არხ 1ADAT–თან, რომელიც ევროპაში გახიზნულმა ჩეჩენმა დევნილებმა დააფუძნეს და მასზე ხშირად იდება კადიროვის რეჟიმის სისასტიკის მამხილებელი სტატიები. ამ სტატიების ავტორად ჩეჩნეთის ხელისუფლებაში მუსაევის შუათანა შვილს – იბრაგიმს განიხილავენ.

როგორც ირკვევა, კადიროვის შურისძიება საფუძვლებს მხოლოდ უკანასკნელი მოვლენებიდან არ იღებს. კერძოდ, 2015 წელს საიდ იანგულბაევი, რომელიც იმხანად ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახლდათ, ორ ვაჟთან (აბუბაქარი და იბრაგიმი) ერთან მიჰგვარეს კადიროვს.

იბრაგიმი ჰყვებოდა, რომ მაშინ სასტიკად აწამეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრებების გამო, რომელიც ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში რუსი სამხედროების სისასტიკეს შეეხებოდა.

2017 წელს იბრაგიმი კვლავ დააკავეს. ბრალი დასდეს რუსი სამხედროების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში და ნახევარი წელი დაჰყო სამხედრო ბაზა „ახმატის“ სარდაფში. საბოლოო ჯამში საიდ ინგულბაევი აიძულეს, დაეტოვებინა თანამდებობა და ის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდში გადავიდა. თავად იბრაგიმმა გათავისუფლების შემდეგ რუსეთი დატოვა, ხოლო ყოფილმა მოსამართლემ რუსეთი ქალიშვილთან ერთად კადიროვის მუქარის შემდეგ.

უშუალოდ იანგულბაევების ოჯახში შეჭრას წინ უძღოდა მასობრივი სპეც–ოპერაციები გროზნოში, რასაც უფლებადამცველებმა კადიროვის „ისტერიკა“ უწოდეს: ანგარიშსწორება შეეხოთ იანგულბაევების ნათესავებას. აბუბაქარი ჰყვება, რომ ამ დრომდე ვერ ამყარებს კავშირს საკუთარ ბიძებთან, რომლებსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ამყოფებდნენ ტყვეობაში და არ არის დარწმუნებული, სადღეისოდ ისინი ცოცხლები არიან თუ არა.

მისივე ცნობით, დეკემბრის ბოლოდან ჩეჩნეთის პოლიციამ მისი 40–მდე ნათესავი დააკავა ყოველგვარი განმარტების გარეშე.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დამფუძნებელი იგორ კალიაპინი, რომელიც კადიროვმა ასევე გამოაცხადა ტერორისტად, ხოლო მისი ასაკოვანი დედის სადარბაზოში გამოაკრეს წარწერა კალიაპინის მისამართით „სამშობლოს გამყიდველი“, მუსაევას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ადვოკატზე „უარის თქმას“, ჟანრის კლასიკას უწოდებს:

„ამ ხრიკს და უკანონობას დროდადრო მიმართავენ სასჯელაღსრულების სამსახურის არაკეთილსინდისიერი თანამშრომლები. ეს კარგად იციან რუსეთის ციხეებში მომუშავე უფლებადამცველებმა: როცა ადამიანს სცემენ და ვერ აჩვენებენ ადვოკატს, ან როცა პატიმარი ვერ „გატეხეს“ და ელიან, რომ იტყვის ისეთ რამეს, რისი გასაჯაროებაც არ სურთ, ამ მეთოდს იყენებენ. ცხადია, ეს უკანონოა, რადგან თუ ადამიანი უარს ამბობს ადვოკატზე, ეს უნდა გააკეთოს ადვოკატის თანდასწრებით, რათა ის დარწმუნდეს, რომ მისი კლიენტი ნებაყოფლობით საუბრობს“.

მიუხედავად იმისა, რომ კადიროვის რეჟიმმა გატაცებული ქალის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით საკუთარ სისასტიკეს გადააჭარბა, კალიაპინი უარესის მოლოდინშია:

„კადიროვის მსგავსი რეჟიმები არასდროს არიან სტატიკურები. ეს თვითნებობა არაფრით რეგულირდება. დღეს ეს ასეა და ვინაიდან ეს არც ერთ წესში და კოდექსში არ წერია, ხვალე შეიცვლება გაფართოებისკენ ან შემცირებისკენ“.

იხილეთ ასევე: ათასობით დაკარგული და ჯოჯოხეთი დედამიწაზე: რატომ უჩინარდებიან ადამიანები ჩეჩნეთში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები