
ჯანმო – ქვეყნებს: "კორონავირუსთან გამარჯვება ნაადრევია, დაიცავით მოქალაქეები ყველა ხერხით"
02/02/2022 06:15:09 საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანო გებრეისუსმა შეშფოთება გამოთქვა რიგ ქვეყნებში კორონავირუსის კიდევ უფრო გადამდები შტამის – "ომიკრონის" მიმართ ზედაპირული დამოკიდებულებით, მისი თითქოს მსუბუქი მიმდინარეობის გამო. ამასთან, ნარატივით, რომ ვაქცინაციით მისი გავრცელების შეჩერება შეუძლებელია.
მისი თქმით, მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ ლეტალურ შემთხვევას.
საყურადღებოა, რომ ჯანმო–ს ცნობით, უკანასკნელ ერთ კვირაში მსოფლიოში 9%–ით გაიზარდა ლეტალური შემთხვევების რაოდენობა. გარდაცვალების შემთხვევები 41%-ით იყო მომატებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 32%-ით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და 16%-ით სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელმა იკლო.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, „ომიკრონის“ პირველი დაფიქსირებიდან დღემდე, ანუ 10 კვირის განმავლობაში, მსოფლიოში ვირუსის ახალი ვარიანტის დაახლოებით 90 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, გაზრდილია ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც:
„კორონავირუსთან ბრძოლაში დანებებაც და გამარჯვებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია. ჩვენ არ მოვუწოდებთ არც ერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ლოკდაუნს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით და არა მხოლოდ ვაქცინაციით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ დანიამ პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც თითქმის ყველა სანიტარული შეზღუდვა გააუქმა.