
რუსეთის სენატორი: "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარები არ არის"
02/02/2022 13:43:42 კონფლიქტები, პოლიტიკა
"სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, იქ რუსული ჯარები არ არიან, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეები" - განაცხადა დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, სენატორმა ვლადიმირ ჯაბაროვმა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-დან და ნატო-დან მიღებული პასუხების კომენტირებისას.
მისივე თქმით, "აშშ-ისა და ნატო-ს პასუხები რუსეთისთვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება", რადგან "თავისი უპასუხისმგებლობითა და თავხედობით უბრალოდ გამაოგნებელია".
რაც შეეხება საკუთრივ ყირიმიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნას, როგორც ჯაბაროვმა აღნიშნა, "ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა".
«მოდით მაშინ, აშშ-ს შევთავაზოთ, გაიყვანოს ჯარი ტექსასიდან, რომელიც თავის დროზე მექსიკას წაართვა" - დასძინა მან.
იხილეთ ასევე: აფხაზეთი: მიწა საკმარისადაა, რუსული ბაზა კი ბევრი ვერ იქნება?
ცნობისთვის: 2009 წლიდან აფხაზეთში მე-7 რუსული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, ცხინვალის რეგიონში - მე-4. თითოეული კონტინგენტის რიცხოვნობა დაახლოებით 4000 სამხედროს შეადგენს. სწორედ ფედერაციის საბჭომ მოახდინა 2011 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ბაზების განთავსების შესახებ უკანონო შეთანხმებების რატიფიცირება. დოკუმენტები საქართველოს დაუკითხავად აღნიშნულ ტერიტორიებზე ბაზების 49-წლიან ყოფნას ითვალისწინებს ამ ვადის 15-წლიანი პერიოდებით ავტომატური გახანგრძლივების დაშვებით.