Accentnews.ge
საქართველოში წლიური ინფლაცია 14%-ს მიუახლოვდა

საქართველოში წლიური ინფლაცია 14%-ს მიუახლოვდა

03/02/2022 08:16:57 ეკონომიკა

2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1.1% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 3 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ია.

წლის განმავლობაში ფასების ყველაზე დიდი, 44.8%-იანი მატება იყო საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფში:

  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები გაძვირდა 68%-ით;
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 58%-ით.

ფასები 16.2%-ით გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფში და ამდენივეთი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში. საკვები პროდუქტებიდან გაძვირდა:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული 23.3%-ით;
  • პური და პურპროდუქტები 20.5%-ით;
  • ზეთი და ცხიმი 19.6%-ით;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 18.2%-ით;
  • თევზეული 16.6%-ით;
  • რძე, ყველი და კვერცხი 14.4%-ით;
  • ხილი და ყურძენი 13.7%-ით;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.9%-ით.

ფინანსთან მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა მიმდინარე თვეებში ინფლაციის ანტირეკორდულ მაჩვენებელს გლობალურ ფაქტორებს უკავშირებს:

„ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, რაც არაერთხელ აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. ეს მსოფლიო ტენდენციაა და საქართველო, სამწუხაროდ, ვერ იქნება გამონაკლისი. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში, ეს იყო გამონაკლისი პერიოდი, თუმცა მიმდინარე თვიდან უკვე ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებასა და შემცირებას“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ამასთან მან პარალელი გაავლო საქართველოს 10 წლის წინანდელ ხელისუფლებასთან:

„მინდა, ასევე გამოვეხმაურო უსაფუძვლო კრიტიკას, რომელიც ხორციელდება ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. როცა ის პოლიტიკური ძალა იყო ხელისუფლებაში, საშუალოდ, ყოველი მეოთხე თვე იყო ორნიშნა ინფლაცია და ჩვენს საუკუნეში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 2011 წელს დაფიქსირდა, როცა 14%-ზე მაღალი იყო. ასე რომ, შედარებისთვის ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S