
დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა მოიპარეს
05/02/2022 12:09:12 სამართალი, საზოგადოება
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან "კოლხური ღვთაების" ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. შემთხვევა სავარაუდოდ, წუხელ მოხდა.
მუზეუმის დაცვის თანამშრომელმა დღეს დილით 9-დან 10 საათამდე გეგმური შემოვლისას აღმოაჩინა, რომ ეზოში ქანდაკება არ იდგა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა დაასრულა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით დაიწყო, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის დაუფლებას გულისხმობს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.
კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება დადიანების ეზოში, ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სიახლოვეს 2018 წელს დადგეს. ის ზუგდიდის სოფელ ცაიშში რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება.
2018 წელს სკულპტურა დადიანების ეზოში დადგმიდან რამდენიმე თვეში უცნობმა პირებმა დააზიანეს. ის აღდგენის შემდეგ იმავე ადგილზე განთავსდა.