"ლუკაშენკო აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” სტატუსის საკითხში გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, როცა საჭიროდ ჩათვლის"
08/02/2022 12:23:03 პოლიტიკა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” სტატუსის საკითხში გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, როცა საჭიროდ ჩათვლის, - ირწმუნებიან კრემლში.
«არსებობს დე-ფაქტო და დე-იურე სიტუაცია. არსებობენ რუსეთის მიერ აღიარებული სახელმწიფოები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ჩვენ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს. არსებობს ასევე რუსული რეგიონი ყირიმი, ის ჩვენი განუყოფელი ნაწილია. ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც კარგად მოეხსენება ალექსანდრე გრიგორის ძესაც. როგორც ჩანს, ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა საჭიროდ ჩათვლით», — ასე განმარტა კრემლის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ლუკაშენკოს განცხადებების კომენტირებისას.
ცნობისთვის: ალექსანდრე ლუკაშეკო, რომელსაც დასავლეთი ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ სცნობს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" აღიარებას არ გამორიცხავს.
«[ამას გავაკეთებ - რედ.] როგორც კი მივხვდები და პრეზიდენტი [რუსეთის - რედ.] მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს», – განაცხადა ლუკაშენკომ YouTube-არხ «Соловьев Live»-თან ინტერვიუში.
ამასთან, ТАСС-ის ინფორმაციით, ლუკაშენკომ იქვე დასვა კითხვა, "არის კი ამაში რაიმე სასიცოცხლო აუცილებლობა?».
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინსკის მიერ სოხუმისა და ცხინვალის შესაძლო აღიარების საკითხს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "ბელორუსი რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული".
"ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ბელორუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული. რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდნეტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა.
ამავე თემაზე: აფხაზები მინსკში ბელარუსთან სამომავლო ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ.
გამართლებულია თუ არა სოხუმის იმედები მინსკსა და მოსკოვთან მის “სამოკავშირეო სახელმწიფოზე”?


