Accentnews.ge
დიპლომატები ჩორჩანას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან

დიპლომატები ჩორჩანას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან

29/08/2019 15:25:19 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ქართულმა მხარემ ელჩებს ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, ასევე ერგნეთის დღევანდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ  საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღებულ ინფორმაციას ანკარას დაუყოვნებლივ მიაწვდის.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს განცხადებას, მაგრამ მე რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ჩვენ მოვინიშნეთ ყველაფერი, რაზეც იყო საუბარი შეხვედრაზე და ინფორმაციას დაუყოვნებლივ მივაწვდით ჩვენს დედაქალაქს“, – აღნიშნა ელჩმა.

საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს.

„რაც მოვისმინეთ შეხვედრაზე, შეშფოთებას იწვევს, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს სტაბილურობაზე. რამდენჯერმე გავიმეორეთ, რომ მსგავსი საკითხების განსახილველად არსებობს არხები და ეს საკითხები განხილული უნდა იყოს „აიპიარემის“ (IPRM – ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) შეხვედრაზე, რომელიც სამწუხაროდ ჩაიშალა. ეს არის არხები, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული მსგავსი საკითხების გადასაჭრელად. ჩაიშალა შეხვედრა, მაგრამ იმედი გვაქვს, იქნება ახალი შესაძლებლობა მორიგი შეხვედრისთვის, რომელიც ხვალ იგეგმება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწვდით ამ ინფორმაციას დედაქალაქში და გავავრცელებთ, ეს არის ჩვენი საქმე“, – განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ. 

საქართველოში უკრაინის ელჩი იჰორ დოლგოვი:

"კითხვები ვერ იარსებებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯზე, რადგან ეს საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ემსახურება".

როგორც ელჩმა "პირველ არხს" განუცხადა, ქართული მხარის მოქმედება კანონიერია:

"ეს მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი პოლიციის ბლოკ–პოსტია და არაფერი სხვა. საოკუპაციო ხაზი ბევრჯერ ჩემი თვალით მაქვს ნანახი და რასაც იქ ვაკვირდები, ესაა რუსული ძლიერი სამხედრო წარმოდგენილობა. ისინი არ ჩერდებიან, აგრძელებენ სამხედრო წარმოდგენილობის ზრდას. საქართველოს ნაბიჯი კი კანონიერია და გადადგმულია უსაფრთხოების დასაცავად".

ცნობისთვის: 29 აგვისტოს ოსურმა მხარემ ერგნეთში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა ჩაშალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S