„მაკრონს არჩევანი ჰქონდა“ – რა მოთხოვნა წაუყენეს ფრანგ ლიდერს კრემლში პუტინთან შეხვედრამდე

11-02-2022 00:39:35 ეს საინტერესოა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ დასთანხმდა კრემლის თხოვნას, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრამდე კორონავირუსთან დაკავშირებით რუსული PCR–ტესტის ჩატარების თაობაზე და ამიტომაც იმყოფებოდა დისტანციაზე კრემლის ლიდერთან,– ამის შესახებ Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება მაკრონის გარემოცვიდან.

მაკრონი და პუტინი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ოთხმეტრიან მაგიდასთან.

წყარო, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას იცნობს, გამოცემას უყვება, რომ მაკრონს არჩევანი ჰქონდა: ან რუსეთის ხელისუფლების მიერ PCR–ტესტის ჩატარებას დასთანხმებოდა და მას ნებას დართავდნენ, მიახლოებოდა პუტინს, ან არ დასთანხმებოდა და იძულებული გახდა, დაეცვა უფრო მკაცრი სოციალური დისტანცია.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ნიშნავდა ხელის არ ჩამორთმევას და იმ გრძელ მაგიდას, მაგრამ არ შეგვეძლო, დაგვეშვა, რომ მათ პრეზიდენტის დნმ მიეღოთ“,– განაცხადა ერთ–ერთმა წყარომ და აღნიშნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, თუ ფრანგ ლიდერს რუსი ექიმები შეამოწმებდნენ.

კიდევ ერთმა წყარომ მაკრონის გარემოცვიდან მედიასაშუალებას დაუდასტურა, რომ მაკრონმა უარი თქვა რუსული PCR– ტესტის ჩატარებაზე, რომ მან გამგზავრებამდე ფრანგული PCR–ტესტი გაიარა, ხოლო ანტიგენის ტესტი მას პირადმა ექიმმა უკვე რუსეთში გაუკეთა.

”რუსებმა გვითხრეს, რომ პუტინი უნდა იყოს მკაცრ „სამედიცინო ბუშტში”, ​​- თქვა მეორე წყარომ.

ხუთშაბათს, მაკრონისა და პუტინის შეხვედრიდან სამ დღეში კრემლის ლიდემა ყაზახეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ახლო მანძილზე დასხდნენ.

მანამდე მოსკოვში უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი სტუმრობდა და ამ შემთხვევაშიც სტუმარს და მანპინძელს ერთმანეთისგან რამდენიმემეტრიანი დისტანცია აშორებდათ. შეხვედრის შემდეგ ორბანმა აღნიშნა, რომ ცხორებაში არ მჯდარა ამხელა მაგიდასთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები