
„დიდება უკრაინას“ – საოკუპაციო ხაზთან უკრაინის მხარდამჭერი წარწერები დატოვეს
14/02/2022 13:07:45 საზოგადოება
აქტივისტებმა საოკუპაციო ხაზთან, ორჭოსანისა და ხურვალეთის გზაგასაყარზე ოკუპანტების მიერ დამონტაჟებულ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერა „Слава Україні“ (დიდება უკრაინას) დატოვეს და ბანერი უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში გადაღებეს.
ამ ჟესტით „სირცხვილიას“ აქტივისტებმა გააპროტესტეს რუსეთის ქმედებები საქართველოსა და უკრაინაში.
მსგავსი წარწერები კიდევ რამდენიმე ბანერზეა დატანილი.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.