
კრემლი: "უკრაინის მიერ ნატო-ში გაწევრიანების იდეაზე უარის თქმა კარგი პასუხი იქნებოდა"
14/02/2022 13:22:47 მსოფლიო
კრემლი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის - ვადიმ პრისტაიკოს განცხადების ირგვლივ აგორებულ სკანდალს ეხმიანება და აცხადებს, რომ "უკრაინის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე უარის თქმას მომხდარ ფაქტად არ აღიქვამს, თუმცა ეს რუსეთის შეშფოთებებზე კარგი პასუხი იქნებოდა".
"ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ ელჩს კიევიდან მისი მოსაზრების განმარტება მოსთხოვეს. ამდენად, რთულია, ის, რაც ელჩმა თქვა, მომხდარ ფაქტად შევაფასოთ, სანამ კიევის კონცეპტუალური საგარეო პოლიტიკური ხედვა არ გვაქვს ხელთ. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის კონსტიტუციაში სულ სხვა მიზნებია გაწერილი" - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ კიევის მიერ ნატო-ში ინტეგრაციის კურსზე უარის თქმა "იქნებოდა უფრო წონადი ნაბიჯი რუსეთის შეშფოთებების საპასუხოდ".
"უდავოდ, რაღაც სახით დაფიქსირებულია, დადასტურებულია უკრაინის უარი ნატო-ში გაწევრიანების იდეაზე - ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს რუსეთის შეშფოთებებზე უფრო წონადი პასუხის ფორმირებას" - დასძინა მან.