
საქართველოს თავდაცვის მინისტრი: "ნატო უკან არ დაიხევს, ასევე ურყევია ჩვენი გადაწყვეტილება"
17/02/2022 08:15:33 საგარეო პოლიტიკა
ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რეგიონში რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე, ნატოს მტკიცე პოზიციასა და ღია კარის პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
რელიზის მიხედვით, ადმირალ ბაუერთან შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო–სთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით, საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატო–სთან თავსებადი თავდაცვის ძალების შექმნას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო–სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს. საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობასა და საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე საერთაშორისო მისიებში.
„ნატო–ს მინისტერიალის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ ინდივიდუალური შეხვედრები როგორც ჩემს კოლეგებთან, ასევე გვქონდა შეხვედრა ნატო–ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან. ის არის ნატო-ში პირველი სამხედრო პირი, ის არის საქართველოს დიდი მეგობარი, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს სტრატეგიულ გეგმებზე, ჩვენს მომავალზე და, რა თქმა უნდა, ყველა პრინციპულ საკითხში ჩვენ ვართ ერთიანები. არ დაიხევს უკან როგორც ნატო თვისი მიზნებისა და თავისი გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021