Accentnews.ge
„პუტინს არ შეუძლია, კითხვებს უპასუხოს“: რა უჯდებათ რუსეთის მოქალაქეებს კრემლის ავანტიურა

„პუტინს არ შეუძლია, კითხვებს უპასუხოს“: რა უჯდებათ რუსეთის მოქალაქეებს კრემლის ავანტიურა

17/02/2022 16:36:45 ანალიზი, მსოფლიო

დასავლეთი უკრაინის უსაფრთხოების კრიზისის ირგვლივ დეესკალაციის ფაქტობრივ მტკიცებულებებს ვერ ხედავს, კვლავ რჩება რა ქვეყნის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალა და ტექნიკა, შესაბამისად, სამხედრო აგრესიის საფრთხე დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ არ მოხსნილა, რაც ცხადია, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უკრაინის ეკონომიკას, თუმცა ზარალის გარეშე არც რუსეთი რჩება: მართალია, რუსული სისტემა სამხედროთა ფინანსურ წახალისებას არ ითვალისწინებს, არც მათთვის მეტ–ნაკლებად კომფორტული პირობების შექმნასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე კეთდება აქცენტი, შენარჩუნებულია რა საბჭოთა კავშირის დროინდელი პირობები და ძირითადი ხარჯები სამხედრო ტექნიკის მომსახურეობასა და მათ შორის სამოქალაქო სიმძლავრეების გამოყენებით ტრანსპორტირებაზე იქნა გაწეული, თუმცა სხვადასხვა ექსპერტთა ანალიზით, საუბარია დაახლოებით 10 მილიონ დოლარზე.

კიდევ ერთი გამოწვევა, რასაც ექსპერტები რუსეთისთვის პროგნოზირებენ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში სამხედრო მანქანის დაძაბულ მდგომარეობაში შენარჩუნებაა, მორალური თუ ფინანსური კომპენსირების არარსებობის პირობებში იზრდება რა ფაქტობრივად უფუნქციო ოფიცრების უკმაყოფილება, ხოლო სამხედროები იფიტებიან.

იხილეთ ასევე: მთვრალი სამხედროები, ქურდობა, შეშინებული მოსახლეობა – რუსული წვრთნები ბელარუსი

გარდა ამისა, ეკონომიკა მგრძნობიარედ რეაგირებს ომის მოლოდინზე, უკრაინის საზღვრებზე დაძაბულობისა თუ ჯარის გაყვანის შესახებ სიახლეებზე: რუბლი უფასურდება, ინფლაცია იზრდება, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა მცირდება. სწორედ ეს თემაა რუსული კრიტიკული მედიის განსახილველი ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რომელიც კრემლს "უცხოეთის აგენტებად" ჰყავს გამოცხადებული.

„საფონდო და სავალუტო ბირჟებზე რყევებია, ინფლაცია იზრდება და ეს ყველაფერი დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკურ ავანტურებთან. ჯერ ომი არ დაწყებულა და ღმერთმა ქნას, არც დაიწყოს, მაგრამ თავად იმ ფაქტს, რომ ომის შესაძლებლობა განულებული არაა, მივყავართ ამ მდგომარეობამდე“,– ამბობს თემის კომენტირებისას პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი, ეკონომისტი სერგეი გურიევი.

მისი დაკვირვებით, სადღეისოდ რუსულ გაზზე არსებული მაღალი საიმპორტო ფასის გამო რუბლი გაცილებით ძლიერი უნდა იყოს, თუმცა რეალური მოცემულობა განსხვავებულია და სწორედ ეს გვიჩვენებს, თუ რა ფასს იხდიან რუსეთის რიგითი მოქალაქეები კრემლის ავანტიურაში. ამ კონტექსტში ახსენა მან როგორც უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ სამხედროების მობილიზება, ასევე კიბერშეტევები, სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის მცდელობები:

„რუსეთის მსხვილი კომპანიების აქციები ორჯერ იაფია, ვიდრე სტაბილურად განვითარებადი ქვეყნების კომპანიების. მე ვსაუბრობ განვითარებად ქვეყნებზე და არა მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და აშშ–ზე. სწორედ ასე რეაგირებენ ინვესტორები, როდესაც ხედავენ რუსეთის მსგავსი ქვეყნების აქტივობებს, რომელსაც „გეოპოლიტიკური დაძაბულობა“ აქვს.

დასავლეთი ვერ ხედავს დეესკალაციის ნიშნებს, ამიტომ სანქციებზე საუბარი გრძელდება და ამისთვის მზაობა გაცილებით მაღალია, ვიდრე 2014 წელს იყო. ამდენად, ადრეა, შევიქმნათ მოლოდინი, რომ ვითარება მყისიერად მკვეთრად შეიცვლება. ხოლო თუ სანქციები შევა ძალაში, ეს ძალიან არასახარბიელო ვითარებამდე მიგვიყვანს. გასაგებია, რომ რუსეთის ეროვნულ ბანკს მსხვილი რეზერვები აქვს, ენერგორესურსების ფასიც გაიზარდა, ამდენად, მაკროეკონომიკური კატასტროფა არ იქნება, ანუ 2001, თუნდაც 2008 წლების მდგომარეობამდე არ მივალთ, მაგრამ შემოსავლის ზრდას უნდა გამოვეთხოვოთ“.

ეკონომისტის ხედვით, პუტინი ცდილობს, გადაფაროს ის რეალური პრობლემები, რაზეც სადღეისოდ ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს აქტიური მსჯელობა: რა ღონისძიებებია გასატარებელი, რომ რუსეთში ადამიანები არ იხოცებოდნენ; გაიზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც მცირდება; გაიზარდოს შემოსავლები; ადამიანებს არ ეშინოდეთ რეპრესიების, პოლიციის, არ აწამებდნენ“.

„პუტინს უკრაინასთან ბრძოლით სურს გადაფაროს რეალური პრობლემები: პანდემიასთან ბრძოლა ჩავარდა; შემოსავლები არ იზრდება; ითვლება, რომ ქვეყანაში 1 000 პოლიტპატიმარია! პუტინს არ შეუძლია, უპასუხოს კითხვებს, როგორია რუსეთის მომავალი? როგორ განვითარდება ის? როგორ იცხოვრონ ახალგაზრდებმა მანამ, ვიდრე ქვეყანაში იქნება ისეთი შემოსავლები, როგორიც თუნდაც ცენტრალურ ევროპაშია (არ ვსაუბრობ დასავლეთ ევროპაზე)? საპასუხოდ პუტინი ამბობს, „მოდით, უკრაინაზე ვისაუბროთო“,– ამბობს ეკონომისტი და დასძენს, „ევროპელებს სხვაგვარად მოწყობილი სამყარო სურთ, სადაც ჩვენი შვილების მომავალზე ვიფიქრებთ და არა მათთვის დამატებითი პრობლემების შექმნაზე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S