
ზელენსკი – ევროპელ ლიდერებს: "უკრაინა რვა წელია, ფარის ფუნქციას ასრულებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას აკავებს"
19/02/2022 16:04:40 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უარი თქვან მოსკოვის "დაშოშმინების" პოლიტიკაზე.
"უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღო, მსოფლიოში სიდიდით მესამე ატომურ არსენალზე უარის თქმის სანაცვლოდ. ჩვენ არ გვაქვს იარაღი. და არც უსაფრთხოება. ... მაგრამ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ ცვლილება დაშოშმინების პოლიტიკიდან ისეთ პოლიტიკაზე, რომელიც უსაფრთხოებას და მშვიდობას უზრუნველყოფს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მსოფლიომ უკრაინას საკმარისი მხარდაჭერა ვერ აღმოუჩინა, რადგან მისი უსაფრთხოების არქიტექტურა უკვე შეუქცევადად არის დაზიანებული:
"ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა თითქმის განადგურებულია! ახლა უკვე გვიანია მის შეკეთებაზე ლაპარაკი".
მან რიგი ქვეყნები გააკრიტიკა, რომ მათ უკრაინას ვერ მიაწოდეს შექმნილ საფრთხესთან თანაზომადი სამხედრო დახმარება და თქვა, რომ მიღებული დახმარება "უფრო ხველის ვაჟინს ჰგავს, ვიდრე კოვიდის საწინააღმდეგო კარგ ვაქცინას", იმ რეალური საფრთხის პირისპირ, რომელიც, უკრაინის შემდეგ, შესაძლოა დანარჩენ ევროპას მიემართოს:
"უკრაინა უკვე რვა წელია, ფარის ფუნქციას ასრულებს. სანდო ფარის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას აკავებს".
შეგახსენებთ, რომ კონფერენციამდე აშშ–ის პრეზიდენტმა უკრაინის თემაზე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ პუტინს უკრაინაზე თავდასხმა გადაწყვეტილი აქვს.