ნიკოლოზ სამხარაძემ შეცდომა აღიარა: სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას არა დიმიტრი გუდკოვმა, არამედ მამამისმა დაუჭირა მხარი
21/02/2022 15:02:33 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ შეცდომა აღიარა: სოხუმისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობას" 2008 წელს არა ოპოზიციონერმა დიმიტრი გუდკოვმა დაუჭირა მხარი, რომელიც 31 იანვარს საქართველოში არ შემოუშვეს, არამედ მამამისმა.
«გადავამოწმე. დიახ, კენჭისყრაში თავის დროზე მან კი არა, მამამისმა მიიღო მონაწილეობა. დავამატებდი, რომ მამამისი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსანია», – განაცხადა სამხარაძემ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
- ცნობისთვის: დიმიტრი გუდკოვის მამა - გენადი გუდკოვი რუსეთის ФСБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკია, რომელიც 2001–2012 წ.წ. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი გახლდათ.
ამასთან, სამხარაძე მაინც დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არც დიმიტრი გუდკოვი სცემს პატივს.
«ბ-ნმა გუდკოვმა იცრუა [განაცხადა რა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს - რედ]. რუსულ პრესაში არსებობს რამდენიმე ინტერვიუ, რომლებშიც ის ამბობს, რომ ავტომატის ჯერით შეხვდა რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას. და როგორც იმ გამოცემაშია აღნიშნული, ეს სოხუმში მოხდა», – განაცხადა სამხარაძემ და დასძინა, რომ "კრემლის ყველა ოპონენტი საქართველოს მეგობარი როდია".
ამ კონტექსტში მან ალექსეი ნავალნიც ახსენა, რომელმაც 2008 წელს ქართველები "მღრღნელებად" მოიხსენია (თუმცა მოგვიანებით წუხილი გამოთქვა ამ საქციელის გამო).
«ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მართავს რუსეთის შოვინისტურ პოლიტიკას - პუტინი თუ ნავალნი», – დასძინა სამხარაძემ.


