
ცხინვალის რეგიონთან დე ფაქტო საზღვარი ორი დღით იკეტება
03/09/2019 09:45:47 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება “ცოდნის დღისადმი” მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოტივით ე.წ. საზღვრის ორი დღით დაკეტვას გეგმავს.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 4 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 სთ-დან 6 სექტემბრის 06:00 სთ-მდე ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელებზე გადაადგილება შეწყვეტილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მოსახლეობა პანიკით იყო მოცული, ბევრი ადგილობრივი – როგორც ქართველი, ისე ოსი რაიონს ტოვებდა მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია დე ფაქტო საზღვრის სამუდამოდ ჩაკეტვის გეგმის არსებობის თაობაზე. თუმცა 2 სექტემბერს ქართული და ოსური მხარეების საკონტაქტო სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის მსვლელობისას ოსური დელეგაციის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს ქართველი კოლეგები, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდნენ.