
ზურაბიშვილი: "ბირთვული საფრთხე ფსიქოლოგიური ომია, პუტინმა არასწორი გათვლები გააკეთა"
01/03/2022 09:02:58 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტისას უცხოურ მედიასთან რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებაზე, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა. ის შეეხო პუტინის მუქარას ბირთვული ომის შესახებ. კერძოდ, ზურაბიშვილი ფრანგულ მედია Info France 2-თან ამბობს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღზე მანიპულირებით ახლა ფსიქოლოგიურ ომს აცხადებს, რადგან კონვენციურ ომში მარცხდება.
ზურაბიშვილის აზრით, პუტინმა უკრაინაში შეჭრისას არასწორი გათვლები გააკეთა, როგორც უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლობებსა და ევროპის მხრიდან მხარდაჭერაზეც.
"ბირთვული საფრთხე არის ფსიქოლოგიური ომი. თუ გადავხედავთ ვლადიმერ პუტინის წარსულს, დავინახავთ, რომ ის თავდასხმით ფსიქოლოგიურად მანიპულირებს. ის უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ შეიარაღებაში, ვიდრე კლასიკური ომის წარმართვაში.
მან არასწორი გათვლები გააკეთა. ყველა მისი გათვლა არასწორი იყო. მისი გათვლა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე მცდარი გამოდგა. გათვლები უკრაინის მიმართ პოლიტიკურ რეაქციაზე მცდარი იყო. არსებობდა აზრი, რომ ზელენსკი ახალგაზრდაა, გამოუცდელია და ის მაშინვე დანებდებოდა. პუტინის გათვლები ასევე მცდარი იყო ევროკავშირზეც. და ჩემი აზრით, მისი გათვლა, რომ ბირთვული საფრთხეს შეიძლებოდა უკრაინელები დაეშინებინა უკრაინა ასევე მცდარი აღმოჩნდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, ახლა ის მომენტია, როცა ევროკავშირმა კარი უნდა გაუღოს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას:
„ჩემი აზრით, დღეს ევროპაც ასე ფიქრობს“.
ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ხელი მოაწერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. ხოლო უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ დოკუმენტს სპეციალური პროცედურების დაცვით შეიტანენ:
"უკრაინელებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ. ამის ფურცელზე გადატანის დრო დადგა“.
მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურთ, უკრაინა ევროკავშირის ბლოკში იხილონ, ვინაიდან ის „ერთ-ერთი“ მათგანია.
თემაქზე საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან" .
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021