
უკრაინა – საქართველოს: "ამ გზით მიღებული მოგება მოკლული უკრაინელების სისხლითაა გაჟღენთილი"
06/03/2022 19:41:01 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებასა და მოლაპარაკებების შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას ეხმაურება და მიუღებელს უწოდებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს მაშინ, როცა ისინი უკრაინის ქალაქებს ბომბავენ.
"ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა რუსეთთან, რომლის შეიარაღებული ძალები რაკეტებითა და ბომბებით თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებს, უკიდურესად მიუღებელია.
მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ ჩამოშორდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელისუფლებაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და სჩადის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში. რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა მათ დამატებით რესურსს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გასაგრძელებლად და ამ გზით მიღებული მოგება გაჟღენთილია მოკლული უკრაინელების სისხლით.
2008 წელს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელებები, რომლის გავლაც ახლა უკრაინელებს უწევთ. ამავდროულად, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი დაავიწყდა და ცდილობს, რომ მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს". – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორმა) წამოაყენა წინადადება, რომელიც 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემას ეხება.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია 5 მარტს მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც როსსელხორნადზორის ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან გოშარ ილახი ოგლი თახმზლისთან ერთად მონაწილეობდა.
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა და მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: Европейская правда: "საქართველოს მთავრობამ უკრაინა რუსეთში ექსპორტის შესახებ მოატყუა"