08-03-2022 13:15:11 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ჯერ–ჯერობით წინ ვერ მიიწევს.
მისი თქმით, "რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძალები უფრო სასოწარკვეთილნი ხდებიან“.
"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები აორმაგებენ სისასტიკეს. ჩვენი მონაცემებით, მე–13 დღეა, ომია და რუსეთი ჯერ–ჯერობით წინ ვერ მიიწევს. კიევის ჩრდილოეთით მყოფი 64–კილომეტრიანი რუსული კოლონა ნამდვილად გაჭედილია, ვერ წინაურდება" , – აცხადებს უოლესი.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.