
კრამერი: „აშშ–ის ელჩის ამ დრომდე არყოლაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება“
09/09/2019 17:17:03 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის განცხადებით, „აშშ–ის ელჩის ამ დრომდე არყოლაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება“.
„ელჩის ამ დრომდე არყოლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს მთავრობას ეკისრება, რადგან მან არ მისცა აგრიმანი კანდიდატს, რომელიც გასულ წელს განიხილებოდა“, – განუცხადა "აქცენტს"კრამერმა.
რაც შეეხება ზოგადად აშშ-საქართველოს ურთიერთობების დღევანდელ მდგომარეობას, მისი თქმით, ის ფაქტი, რომ აშშ–ის მაღალი რანგის თანამდებობის პირები დღეს საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ, თბილისის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა:
„დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი, თავდაცვის მდივნის თანაშემწე და სხვა ამერიკელი ჩინოსნები. ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ აშშ–ის აშკარა და ძლიერი ინტერესის დემონსტრირებაა“.
ცნობისთვის: 2018 წლის დეკემბერში გავლენიანი გამოცემა Foriegn Policy იუწყებოდა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკსის დანიშნვას ბლოკავდა, რადგან მას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევდა. მოგვიანებით გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა.
აშშ–მა საქართველოში ელჩობის ახალი კანდიდატი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაასახელა.