Accentnews.ge
საგარეო უწყების წარმომადგენელი – რასმუსენის განცხადებაზე: "უნდა გავითვალისწინოთ ის მოსაზრებები, რაც ნატო-ს პოზიციას უკავშირდება"

საგარეო უწყების წარმომადგენელი – რასმუსენის განცხადებაზე: "უნდა გავითვალისწინოთ ის მოსაზრებები, რაც ნატო-ს პოზიციას უკავშირდება"

11/09/2019 16:26:38 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინის განცხდაებით, ნატოს ყოფილი გენმდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მოსაზრება ახალი არ არის, საქართველომ კი ალიანსის ოფიციალური პირების პოზიცია უნდა გაითვალისწინოს. საუბარია კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მეხუთე მუხლზე. კერძოდ, ამ ვერსიით, აღნიშნული მუხლი ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში პირველ ეტაპზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.  

„ეს მოსაზრება ახალი არ იყო, ადრეც გაცხადებულა მსგავსი მოსაზრებები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის მოსაზრებები, რაც თავად ოფიციალური ნატო-ს პოზიციას უკავშირდება. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო, სხვადასხვანაირად იყო აღქმული, ამიტომ ამ სპეკულაციებში რომ არ შევიდეთ, პირველი, რასაც ჩვენ სახელმწიფო, როგორც უწყება ვამბობთ, პირველი პრინციპი და მთავარი გზავნილი იქნება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მსჯელობა, პროცესი გამომდინარე იქნება მხოლოდ და მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული პრინციპის დაცვით“, – აღნიშნა, საქართველოს პირველი არხის ცნობით, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისი თქმით, რასმუსენის მოსაზრების ცალსახა შეფასება ამ ეტაპზე სწორი არ იქნება და გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი:

„გააჩნია დისკუსია დაიწყება თუ არა, რა მიმართულებით წავა, ძალიან ბევრი ნიუანსია. ამისთვის ცალსახად შეფასების მიცემა დღეს მართებული არ იქნება. ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას ჩვენ განვიხილავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, მაგრამ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყანა და ხელისუფლება სხვა ინსტრუმენტებსაც იყენებს, რომ მოხდეს ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცია და აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა“.

ამასთან, როგორც მან განმარტა, ნატო-ს ყოფილმა გენმდივანმა მოსაზრება შესახებ მსჯელობისთვის განაცხადა და ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი გადაწყვეტილია ან სახელმძღვანელოა.

„ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის მხოლოდ ის, რომ როგორი პროცესიც არ უნდა იყოს, ამაზე საუბარი შედგება თუ არ შედგება, ექსპერტულ დონეზე გაგრძელდება საუბრები, ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის პრინციპი უნდა იქნას გათვალისწინებული. რასმუსენის შემოთავაზება გახლავთ ექსპერტულ დონეზე, ძალიან ზოგადად გაკეთებული განცხადება, რომელიც არ არის ახალი, ადრეც გაცხადებულა. გუშინ იყო შესაბამისი გარემო ამისთვის, რასმუსენი არის ავტორიტეტული ფიგურა და ეს ვერსია მსჯელობისთვის გააჟღერა და არა ის, რომ ჩვენ აპრიორი ჩავთვალოთ გადაწყვეტილებად ან სახელმძღვანელოდ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

რაც შეეხება სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო ტერიტორიებს დაკარგავს, საგარეო უწყების წარმომადგენელი პასუხობს:

"ალიანსი მუდმივად აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას თავის პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიმართულებით და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ანალოგიურად ეს გადაწყვეტილება ბოლო წლების არაერთ დოკუმენტშია ასახული. შესაბამისად, ალიანსის გადაწყვეტილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით არის ურყევი. რასაკვირველია, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მოხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის სრული დაცვით“. 

რასმუსენმა ზემოაღნიშნული იდეა, რომლის შესახებაც უკვე დიდი ხანია, საუბრობენ, 10 სექტემბერს გააჟღერა. მან თქვა, რომ საკითხი საქართველოში უნდა იმსჯელონ და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ნატოში დააყენონ. აღნიშნული თემის კონტექსტში მან გერმანიის მაგალითიც გაიხსენა. 

„ჩვენ გვქონდა მსგავსი პრეცედენტი. მე გერმანიას ვგულისხმობ, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყო დაყოფილი. გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატო-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა როდესაც გერმანია გაერთიანდა 1991 წელს ნატო-ს წესდებამ დაფარა აღმოსავლეთ გერმანიაც. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ის არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატო-ში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დე ფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“,– თქვა რასმუსენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S