"რუსეთის შეიარაღებული ძალები - ეს პროფანაცია და დიდი სიცრუეა"

23-03-2022 18:12:36 თვალსაზრისი

ბოლო დღეებში რუსეთში სულ უფრო ხშირად ჩნდება სიახლეები ჟურნალისტების მიერ სახელმწიფო მედიასაშუალებების დატოვების თაობაზე. ერთ-ერთი მათგანი გლებ ირისოვია, სააგენტო ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველი და რუსული არმიის ყოფილი ოფიცერი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მან განაცხადა, რომ "არ სურს, რაიმე საერთო ჰქონდეს არათუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, სახელმწიფო მედიასთან, არამედ თავად რუსულ სახელმწიფოსთანაც" და რომ "უკრაინაში რუსული საომარი ოპერაციის კრახი არ აკვირვებს".

– უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ТАСС-იდან წამოხვედით. ეს ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტეთ, თუ მანამდეც ფიქრობდით?

– 24 თებერვალს უკვე მესმოდა, რომ აღარ მსურდა, რაიმე საერთო მქონოდა არათუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, სახელმწიფო მედიასთან, არამედ მთლიანობაში რუსულ სახელმწიფოსთანაც. ბოლო 1,5 წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ზეწოლა საგრძნობლად გაიზარდა და შესაბამისად, სარედაქციო პოლიტიკაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ჩვენს ჯარში ვიხილე (ჯერ - როცა ვმსახურობდი, ხოლო შემდეგ - როცა სამხედრო კორესპონდენტად ვმუშაობდი), სულაც არ მიკვირს უკრაინასთან ომში არც ზოგადად უდიდესი დანაკარგი, არც ამდენი სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვა.

– რატომ?

– სადღეისოდ რუსეთის ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები – ეს დიდწილად დიდი პროფანაცია და ტყუილია. რაც შოიგუმ [თავდაცვის მინისტრმა - რედ.] მის მოადგილეებთან ერთად ბოლო 10 წლის განმავლობაში აკეთა, შიდა მომხმარებელზე - ლამაზი და უძლეველი ჯარის ილუზიის შექმნაზე იყო გათვლილი. რეალურად კი, ადგილი ჰქონდა იმ მასშტაბების დაუდევრობას, რომლის წარმოდგენაც ძნელია.

ომის დაწყებით არაფერი შეცვლილა. როგორც მომზადების, ისე უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონე ძალიან დაბალია. მთელი ამ წლების განმავლობაში სამხედრო ნაწილების უმრავლესობაში საბრძოლო მომზადება მხოლოდ ფორმალურად ხორციელდებოდა. ქაღალდზე ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდა, ზემოთ იგზავნებოდა მოხსენებები, თითქოს უმაღლეს დონეზე ტარდებოდა წვრთნები, იხარჯებოდა საბრძოლო მასალა და ზოგადად, ყველაფერი მშვენივრად იყო. რეალურად კი, ხშირ შემთხვევაში ეს წვრთნები საერთოდ არ ჩატარებულა.

ჯარში წარმოუდგენელი პირობებია, საშინელი კვებისა და აღჭურვილობის უკმარისობის ჩათვლით. მოდის, მაგალითად, ეკიპირების კომპლექტი, დახედავ ფასებს - მითითებულია ერთ კომპლექტში 150 ათასი რუბლი, ზოგში 300 ათასი რუბლი. მერე კი შედიხარ შეკვეთების შემსრულებელი რომელიმე კომპანიის საიტზე და ხედავ იგივე კომპლექტებს 35 ან მაქსიმუმ 50 ათას რუბლად... აქ მილიარდებზეა საუბარი - წარმოდგენაც კი ძნელია!

ახლა წარმოიდგინეთ რეალურ და მიწერილ ფასებს შორის სხვაობა, როცა რომელიმე სერიოზულ სამხედრო ტექნიკაზეა საუბარი! თანაც, როცა ხელმძღვანელობას სხვადასხვა გამოფენებზე მაღალი ხარისხის ეკიპირებასა და ტექნიკას უჩვენებდნენ, წარმოებისას ხარისხი 2-3-ჯერ ეცემოდა.

– როგორ აფასებთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის დონეს?

– სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები არის სრული კრახი. საერთოდ არ ესმოდათ, რომ საქმე ექნებოდათ ქვეყანასთან 30 მლნ-ზე მეტი მოსახლეობით, რომელიც უკვე 8 წელია, რუსეთს არათუ მხარს არ უჭერს, ჩვეულებრივ მტრად მიიჩნევს.

თუ სამხედრო ტაქტიკით ვიმსჯელებთ, ისინი პირველივე გაბრძოლებით კიევის აღებას იმედოვნებდნენ. საბრძოლო მოქმედებების რუქას რომ გადავხედოთ, ეს ნათელი ხდება. ამიტომაც ჰქონდათ ამხელა დანაკარგი პირველ დღეებში.

ახლა იწყება ცოტა განსხვავებული ტიპის ოპერაცია, ომის წარმოების სხვა მეთოდები და ხერხები. მაგრამ მათ სხვა არაფერი რჩებათ, თუ არა გამოიყენონ აბსოლუტურად არაჰუმანური შეიარაღება. დანამდვილებით ვიცი, რომ უკრაინაში რუსები იყენებენ ყველაფერს: როგორც კასეტურს, ისე თერმობარულსა (ვაკუუმურს) და ფოსფორს.

ამასთან, ნებისმიერი კარგი ტანკი ან მანქანანა (რუსული ჯარის არსენალში კი ისინი არც კარგია და არც ძვირადღირებული) ნადგურდება ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ჩვეულებრივი გასროლით. ზუსტად ამიტომ გამოიყენება უკრაინული თავდაცვის საპასუხოდ დაბომბვები და სარაკეტო დარტყმები – რომ უბრალოდ მიწასთან გაასწორონ, გაანადგურონ ყველა, ვინც არ ნებდებათ. მშვიდობიანი მოსახლეობა ფეხებზე ჰკიდიათ. სადღეისოდ აბსოლუტურად ნათელია, რომ ომს უკრაინაში აწარმოებენ ადამიანები, რომელთაც ფეხებზე ჰკიდიათ ნებისმიერი მოსახლეობა - საკუთარიც და სხვისიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები