
ოსური უშიშროება დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ საქართველოს შსს–ს ძალების გააქტიურებაზე მიუთითებს
12/09/2019 16:35:14 კონფლიქტები
ოსური უშიშროების მტკიცებით, საქართველოს შსს–ს ძალები დე ფაქტო საზღვრის ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე გააქტიურდნენ.
კერძოდ, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით,
- სოფელ ღრომის მიმდებარედ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქრთველოს შსს–ს თანამშრომლები გარემოს რეკოგნოსცირებისა და ბლოკ–საგუშაგოს მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებენ;
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიდამოებში ქართული პოლიციის პირადი შემადგენლობის რიცხოვნობა 8–დან 40–მდე გაიზარდა. ბლოკ–საგუშაგოზე განათავსეს ერთი ჯავშანმანქანა „ოთოქარ კობრა“ და 4 მანქანა „ტოიოტა ჰაი ლუქსი“;
- გორის მუნიციპალიტეტის სოფლების აძვისთავისა და ახალუბნის საგუშაგოებზე პირადი შემადგენლობის რაოდენობა 6–ან 12–მდეა გაზრდილი;
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში დაწყებულია საპოლიციო საგუშაგოს სამშენებლო სამუშაოები.
„ქართველი ძალოვანების გააქტიურება ვითარების დესტაბილიზაციისკენ, სახელმწიფო–სასაზღვრო რეჟიმის ძირის მოთხრისკენ და დაძაბულობის ესკალაციის წინაპირობების შექმნისკენ არის მიმართული“, – აცხადებს დე ფაქტო უშიშროების სამსახური.
ოსური უშიშროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "აქცენტი" სუს–სა და შსს–ს დაუკავშირდა და კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.