
ჩეჩნეთში ირწმუნებიან, რომ კადიროვი მარიუპოლში იმყოფება პუტინისგან მიღებული გენერლის წოდებით
28/03/2022 15:43:39 კავკასია
რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭა და ირწმუნებიან, რომ ამჟამად ის რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში იმყოფება.
ჩეჩნეთის პარლამენტის ხელმძღვანელმა მაგომედ დაუდოვმა კადიროვის წოდება სოციალური ქსელით მიულოცა და თქვა, რომ „ჩეჩნეთის მეთაურის წვლილი ჩეჩნეთში საერთაშორისო ტერორიზმზე გამარჯვებაში და რუსეთის მთლიანობის შენარჩუნებაში შეუფასებელია“.
РБК–ს ცნობით, ჩეჩნეთის მთავრობამ მათ დაუდასტურა კადიროვის მარიუპოლში ყოფნა, სადაც, მათი თქმით, „მთავარი დაპირისპირება“ ახლოვდება.
დაუდოვის თქმით, კადიროვი „მარიუპოლში იმყოფება საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად, სასაუბროდ, დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობის მომარაგებისთვის, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შემდგომი მოქმედებების სტრატეგიის კორექტირებისა და დასასრულებლად“.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი რუს ოკუპანტების მიერ 1 მარტიდან არის ალყაში მოქცეული.
რაც შეეხება კადიროვს, 14 მარტს მან გამოაქვეყნა ვიდეო და განაცხადა, რომ ის გადაღებული იყო კიევის მახლობლად გოსტომელში, ხოლო 15 მარტს მან უკვე ჩეჩნეთიდან გამოაქვეყნა ვიდეო.
27 მარტს კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო მარიუპოლის აღებაში ჩეჩნების მონაწილეობის თაობაზე, რომელშიც ამოიცნეს რუსლან გერემეევი, რომელიც ითვლება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორად.
იხილეთ ასევე: რატომ იღუპებიან რუსი გენერლები პუტინის ომში