ქართველი მღვდელმთავრები რომლებმაც ღიად დაუჭირეს მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას
30-03-2022 12:30:07
საზოგადოება
მსოფლიო საეკლესიო სიახლენის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი 13 მღვდელმთავარი, საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას!
მღვდელმთავრები, რომლებიც საჯაროდ უჭერენ მხარს უკრაინის ავტოკეფალიას:
- მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)
- მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) – ,,უკრაინა არის 50 მილიონიანი მოსახლეობით და თუ ეს მათი კეთილი ნებაა, მე პირადად ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის ღირსები არიან”.
- მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) – ,,მე ვფიქრობ [ავტოკეფალია] ეკუთვნით“.
- მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)- ,,მე ვიტყოდი რომ მსოფლიოში მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას ინარჩუნებს კოსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, რომ არა კოსტანტინეპოლის საპატრიარქო შეიქმნებოდა ქაოსი, ამრიგად ჩვენ გვმართებს გააზრება იმისა რომ კოსტანტინეპოლის საპატრიარქოს უფლებები [ავტოკეფალიის გადაცემა, ავტოკეფალიის ჩამორთმევა] იყოს ლეგიტიმირებული და აღიარებული!”
- მიტროპოლიტი იოსები (კიკვიძე) – ,,ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია ქონდეს!”
- მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – ,,ვერაფერი გადაწონის უკრაინის სურვილს ჰქონდეს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“
- მიტროპოლიტი ანტონი (ბულიხია) – კითხვაზე ეკუთვნის თუ არა უკრაინას ავტოკეფალია – ,,გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს”
- მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) – ,,გაცნობებთ, რომ გულდასმით გავეცანი და შევისწავლე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებისათვის მსოფლიო-საპატრიარქოს მიერ საკმარისად ხანგრძლივ დროში ფილიგრანული მეთოდით მოცემულ სამართლებრივ-ეკლესიოლოგიურ მასალებს, სადაც კანონიკური ნორმებისა და იურიდიული საფუძვლების მიხედვით ზედმიწევნით დასაბუთებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების საჭიროება და ავტოკეფალიის მინიჭების მართებულობა.”
- მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) – ,,უკრაინის ეკლესიას უკვე აქვს ავტოკეფალია; შინაგანი თანაგრძნობა სინოდის უმეტესი წევრებისგან ნამდვილად აქვთ, უბრალოდ, დროის საკითხია.”
- ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) – ,,ელადის (საბერძნეთი) წმინდა სინოდმა აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ΑΞΙΟΣ. იმედია, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდიც მალე ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.”
- ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე) – ,,სოლიდარობას ვუცხადებთ ყოველ მორწმუნეს უკრაინაში, რომელ იურისდიქციაშიც არ უნდა იმყოფებოდეს ის, განსაკუთრებით უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას.”
- ეპისკოპოსი გიორგი (ჯანდელიანი) – ,,ადგილობრივმა ეკლესიებმა მართებული იქნება, რომ აღიარონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია”
- ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) – ,,მალე დადგება დღე, როცა საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას!”
- უკრაინის ავტოკეფალიას ასევე მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) რომელიც დროებით არ იმყოფება წმინდა სინოდის შემადგენლობაში – ,,უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია!”
მსოფლიო საეკლესიო სიახლენის ინფორმაციით, წმინდა სინოდის წევრთა სრული უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, პროცესს აფერხებს რუსოფილ მღვდელმთავართა მცირერიცხოვანი ჯგუფი.