პასტუხოვი: „პუტინისთვის ომი ჯერ კიდევ უფრო იაფია, ვიდრე მშვიდობა“

01-04-2022 18:54:02 კომენტარი

ერთ–ერთი ყველაზე უფრო ზუსტი პოლიტიკური პროგნოზების ავტორი რუსეთში, პოლიტოლოგი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმირ პასტუხოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინის მიერ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ომის გაჩაღებას ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში პროგნოზირებდა, რიგი დასავლელი ლიდერების მსგავსად, რუსეთ–უკრაინის თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, ვერ ხედავს რა რუსეთისგან შესაბამის მზაობას.

„მაქვს შთაბეჭდილება, რომ რეალური მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ დაწყებულა. რუსეთისთვის ეს ტესტია, თუ რისი „ამოქაჩვა“ შეუძლია. გასაგებია, რომ უკრაინაც ტესტავს, რაზე შეიძლება, წამოვიდეს რუსეთი. თუმცა ჯერ მშვიდობაზე შეთანხმების რეალურ სურვილს ვერ ვხედავ“,– ამბობს თემის კომენტირებისას პასტუხოვი.

მისი ხედვით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მშვიდობას თავისი ფასი აქვს, ვლადიმირ პუტინისთვის კი ჯერ „ომი უფრო იაფია, ვიდრე მშვიდობა“:

  • „ჩემთვის საყურადღებო იყო პუტინის იტალიის პრემიერ–მინისტრთან საუბარი და პუტინის ფრაზა, რომ „ომის შეწყვეტის დრო ჯერ კიდევ არ მომწიფებულაო“. „მომწიფებულა“ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა. ეს გამოხატავს პუტინის განწყობას, რომ ჯერ არ იმყოფება იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომელიც გულის სიღრმეში ამბობს უარს თავდაპირველ სტრატეგიულ მიზნებზე. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ მისი თავდაპირველი სტრატეგიული მიზანი იყო, რომ უკრაინაში მოლაპარაკებები სხვა ადამიანთან ეწარმოებინა და არა ზელენსკისთან – ეს ის თეატრი არ არის, რომელზეც ოცნებობდა და მას ამ მიზანზე უარი არ უთქვამს. ის ჯერ კიდევ ვერ გრძნობს, რომ ფეხებს ქვეშ მიწა ეწვის, რომ ამ ოცნებაზე უარი თქვას.
  • შემდეგი (ვიმსჯელოთ ემოციების გარეშე, ცივი გონებით) – საიმპორტო საქონელზე იმატა ფასებმა, რომელთაც მდიდრები მოიხმარენ, ხოლო ღარიბებისთვის ფასების ჯერ ძალიან არ გაზრდილა. არის გარკვეული სირთულეები, მაგრამ ეს უკავშირდებოდა პანდემიასაც.
  • ამასთან, ჩვენ გვესმის, რომ რუსეთის ფედერაცია განიცდის არსებით დანაკარგებს. ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ "კომსომოლსკაია პრავდა"–ს მოუვიდა „ჩავარდნა“ და ვფიქრობ, ეს შესაძლოა, რეალობასთან ახლოს იყოს. საუბარი იყო 10 000 –მდე ადამიანურ დანაკარგზე. მე ინტერესის გამო გადავხედე რუსეთში ყოველწლიურად არაფხიზელ მდგომარეობაში ავარიებში დაღუპულთა სტატისტიკას და ეს 10 000–დან 15 000–შორის მერყეობს. დაახლოებით იგივეა რუსეთში ალკოჰოლური მოწამვლით გარდაცვლილთა სტატისტიკაც. ესაა ყველაზე საშინელი და ალბათ ეს ხსნის ამ ომისადმი დამოკიდებულებას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. ამ ვითარებაში კი პუტინს შეუძლია, თავს უფლება იმის უფლება მისცეს, რასაც სხვა ვერ მისცემდა: დანაკარგები გააორმაგოს. ეკონომიკური მდგომარეობა აძლევს ორთვიან „ლუფტს“,ქვეყნის შიგნით შეინარჩუნოს ილუზია, თითქოს არაფერი სერიოზული არ ხდება და ომი სადღაც შორსაა. ჩვენ ჩეჩნეთის ორი ომი გადავიტანეთ. ჩეჩნეთის მოსაზღვრე რეგიონებში რაღაც იგრძნობოდა, მაგრამ თუ მოსკოვში მომხდარ რამდენიმე ტერაქტს გამოვრიცხავთ, ვის ფიქრობდა იმ ომზე? ვინ ფიქრობდა დაღუპულებზე?“,– ამგვარად აყალიბებს საკუთარ არგუმენტებს პასტუხოვი.

პოლიტოლოგის ხედვით, პუტინი შემდეგ გეგმაზე გადადის და არა სამშვიდობო შეთანხმებაზე:

„ერთი თვის თავზე გასაგები ხდება, რომ გეგმა A ჩავარდა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინი თავს B–გეგმის (უფრო ხანგრძლივი, უფრო სისხლისმღვრელი – შტურმი ბევრ ქალაქებზე) უფლებას ვერ მისცემს? ჩემი დაკვირვებით, ის სწორედ ამ სცენარზე გადადის და არა სამშვიდობო შეთანხმებაზე.

მოლაპარაკებების პროცესთან ორივეს თავისი პრობლემა აქვს: პუტინს – „სახის შენარჩუნების“, ხოლო ზელენსკის – ღირსების. თუ ზელენსკი ხელს მოაწერს რამე ისეთს, რასაც მისი მებრძოლი ქვეყანა შეურაცხყოფად მიიღებს, მას უბრალოდ მოხსნიან. თუ პუტინი ისეთ რამეს მოაწერს ხელს, რასაც მისი პროპაგანდისტული მანქანა ვერ გაყიდის ერთმნიშვნელოვან გამარჯვებად, ის „სახეს დაკარგავს“, ხოლო ამგვარ ვერტიკალურ სისტემაში „სახის დაკარგვა“ ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ მშვიდობა უფრო ძვირია მისთვის, რადგან შემდეგ ის უნდა გაყიდოს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები