„32 წელია, იარაღით ვარ, მსგავი არაფერი მინახავს!“ – ქართველი მებრძოლი კიევის მიდამოებიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგ ნანახ სურათს იხსენებს

05-04-2022 16:01:17 საზოგადოება ,კომენტარი

„ეს მსოფლიომ უნდა ნახოს! ამ სისასტიკის შეფასებისას გენოციდი არ კმარა! რაღაც სხვა სიტყვაა მოსაძებნი“,– თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბუჩაში საკუთარი თვალით ნანახის აღწერისას, მას შემდეგ, რაც რუსი ოკუპანტები განდევნებს კიევის მიდამოებიდან.

ქუჩაში მოფენილი ცხედრები, სარდაფებში დახვრეტილი ხელებშეკრული ადამიანები, გაუპატიურებული და დახოცილი ქალები – რუსული ძალის გამაოგნებელი სისასტიკის კვალი დახვდათ ბოროდიანკაშიც და ვინაიდან სიმხეცეს მასშტაბები არ აქვს, რთულია, წარმოიდგინო, რა ხდება ბლოკირებულ მარიუპოლში, რომელიც რუსული აგრესიის ერთ–ერთი მთავარი ეპიცენტრია.

„32 წელია, იარაღით ხელში ვარ, თითქმის ყველა ბრძოლაში ვარ ნამყოფი და მსგავსი სისასტიკე არსად მინახავს“,– ამბობს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე.

ქართველი მებრძოლი იხსენებს, რომ 28 მარტს უკრაინული ძალები სოფელ კაცუბისთან კონტრშეტევაზე გადავიდნენ და უკვე მაშინ მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა მასობრივად დაიწყეს მოქალაქეების ხოცვა:

„ქალაქში შესვლისას პირველი, რაც დავინახეთ, წაქცეული ველოსიპედი და ცხედარი იყო. თავში ჰქონდა ნასროლი, რაც ნიშნავს, რომ განზრახ დახვრიტეს. შემდეგ უკვე 50–60 მეტრში, ცენტრალურ გზაზე, მარჯვნივ და მარცხნივ დახვრეტილი ხალხის ცხედრები იყო მოფენილი. სარდაფების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვქონდა, ეს შემდეგ გავიგეთ, რომ იქაც დახოცილი იყო ხალხი.

კიევის ოლქი რომ გათავისუფლდა, გადავედით ჩერნიგოვის ოლქისკენ და იქ ვნახეთ ძალიან დიდი სამარხი, ოღონდ იქ უკვე რუსები იყვნენ დამარხულები. იმდენად სასტიკები არიან ეს არაადამიანები, რომ თავიანთსაც არ ინდობენ – ცხედრები პირდაპირ იყო სამარხში ჩაყრილი, ყოველგვარი სპეციალური ცელოფნის ან რაიმე სხვა საშუალების გარეშე. ამას რომ სჩადიან, სხვა რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს ჩვენ?! მერე მსოფლიო ომის დროს რომ გვანახებდნენ, როგორ ანადგურებდნენ ებრაულ მოსახლეობას – მიზანმიმართულად, შეგნებულად, ამას ვამსგავსებ. ძალიან დიდი სისასტიკეა! მაგალითად, გოსტომელში 9 ქალი გააუპატიურეს და შემდეგ ჩამოახრჩვეს ამ არამზადებმა! მე არ ვყოფილვარ, მაგრამ მითხრეს, რომ ბოროდიანკაში იგივე სისასტიკეა ჩადენილი. და ამ სიმხეცის შემდეგ არ ვიცი, მარიუპოლში რა სურათი იქნება“.

ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ ამ დროისთვის კიევის და ჩერნიგოვის ოლქები ოკუპანტებისგან აბსოლუტურად თავისუფალია, რომ ისინი გასულები არიან ჩერნობილის ატომური სადგურიდანაც. ამ დროისთვის ბელარუსში არიან გადასულები და გადაჯგუფებას ახდენენ, ძირითადად, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების მიმართულებით.

ნადირაძე დარწმუნებულია, რომ რუსულმა მხარემ კიევის მიდამოების დატოვების გადაწყვეტილება წარუმატებლობის ფონზე მიიღეს, მაგრამ სამხრეთ ნაწილში ძლიერ ბრძოლებს ელის:

„ის ძლიერი დარტყმა, რაც მიიღეს სოფელ კაცუბეისთან, გარდამტეხი აღმოჩნდა. კარგად ორგანიზებული კონტრშეტევა იყო.

მეორე დღეა, ოპერაცია არ გვქონია, დასვენება გვჭირდება – წმენდებზე ვიყავით, ტყეებში მიმოფანტული ტყვეებიც ავიყვანეთ. ვფიქრობ, შემდეგ სამხრეთისკენ გადავინაცვლებთ, სადაც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მძიმე ბრძოლები იქნება, რადგან რუსეთს კიევის გარშემო კაპიტულაციის შემდეგ „სახის“ შენარჩუნება სჭირდება. მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან დემორალიზებულები არიან: რუსი სამხედროების, ოფიცრების ტელეფონები მოსმენაზე დგას, ოჯახებში რეკავენ და მათი საუბრიდან ვხვდებით, რომ ძალიან დემორალიზებულები არიან. ელემენტარულად, 12 გენერალი ჰყავთ მკვდარი. კადიროვის ყბადაღებული „უძლეველი“ჯარიც როგორი განადგურებული წავიდა კიევიდან, ესეც ყველასთვის ცნობილია“,– ამბობს ნადირაძე „ფორმულასთან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები