
კონტრაბანდული ტვირთების საკითხზე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა გაიმართა
05/04/2022 16:01:50 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვს შეხვედა.
როგორც ოფიციალურ რელიზში ვკითხულობთ, უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს სპეციალურ სამსახურებსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებს შორის ფარული კავშირები არსებობს და სანქცირებული კონტრაბანდული ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება.
„ცალსახად აღინიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
შეხვედრაზე უკრაინელ დიპლომატს გადასცეს საქართველოს შესაბამისი უწყებების – უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით. მათ შორის, დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“,– ნათქვამია რელიზში.
რელიზში ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საქართველოს მიერ უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების, უკრაინელ ლტოლვილთა მიღების საქმეში გაწეული წვლილისა და საქართველოს მტკიცე პოზიციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებების თვალსაზრისით.
„თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის.
ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის.
მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის მზაობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გაგრძელებაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“,– ვკითხულობთ რელიზში.
ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.
ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".
4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა, ხოლო 5 აპრილს სუს–მა მტკიცებულებები წარმოდგენა მოითხოვა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021