Accentnews.ge
ხულორდავა – "ევროპულ საქართველოს": „ისედაც ბეწვის ხიდზე დავდივართ...დამატებითი დაბრკოლებების შექმნა საჭირო არ არის"

ხულორდავა – "ევროპულ საქართველოს": „ისედაც ბეწვის ხიდზე დავდივართ...დამატებითი დაბრკოლებების შექმნა საჭირო არ არის"

16/09/2019 10:47:44 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, რომელზეც „ევროპული საქართველოს“ მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების პროექტის მიღების საკითხს განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

„ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. გიგა ბოკერიამ სოფიო ქაცარავას რამდენჯერმე დაუსვა კითხვა, უჭერს თუ არა მხარს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს, როდესაც კლავენ საქართველოს მოქალაქეებს. მან კომიტეტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე მოუწოდა, თავი არ აარიდოს ამაზე პასუხს და სხვა თემაზე ნუ საუბრობს.

თავის მხრივ, სოფიო ქაცარავამ ბოკერიას უპასუხა, რომ ანტისაოკუპაციო მიმართულებით მთავრობა ისედაც ბევრს აკეთებს და ამისთვის „ევროპული საქართველოს" ყიჟინა და კარნახი არ სჭირდებათ.

„რატომ შეიძლება მთავრობა, რომელიც ერთი მხრივ იძახის, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთზე იყოს საერთაშორისო ზეწოლა, რომ ჩვენი საკითხი იდგეს მაღლა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინასთან დაკავშირებით სანქციებს, რატომ შეიძლება საკუთარი ქვეყნის პრობლემების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინააღმდეგი იყოს, რამე პასუხი ხომ არ გაქვთ?“ - განაცხადა ბოკერიამ.

მან ასევე იკითხა, არის თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადება „პირდაპირი დაპატიჟება, რომ რუსეთმა მძევლებად აღიქვას რუსეთში მცხოვრები ქართველები“.

„როგორ ფიქრობთ, ბარონი ვოლსკის დღევანდელი განცხადება, რომ ჩვენ თუ საერთაშორისო ასპარეზზე რამეს ვიზამთ, რომ პოლიტიკურად რუსეთს ეტკინოს, არის თუ არა პირდაპირი დაპატიჟება, რომ რუსეთმა მძევლებად აღიქვას ეს ხალხი?“ -განაცხადა ბოკერიამ.

პოზიცია დააფიქსირა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ. 

„ვინ იზიარებს ამ პოზიციას იკითხეთ - ეს იყო უმრავლესობის პოზიცია, უმრავლესობის ლიდერის სახელით გახმოვანებული და შესაბამისად, უმრავლესობის წევრები ამ პოზიციას ვიზიარებთ. ჩვენი მიზანი და ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, არის, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და უზრუნველყოფილი“,– მიმართა მან "ევროპული საქართველოს" წევრებს. 

მისივე შეფასებით, ჩვენი საზოგადოების ინტერესია ქვეყნის შემდგომი პროგრესი და განვითარება. სწორედ ეს პროგრესი და განვითარება არის წინაპირობა, რომელიც შეიძლება გახდეს და აუცილებლად გახდება გარანტი, ჩვენი მათ შორის საგარეო მისწრაფებების განხორციელების.

„ამ გზაზე ჩვენ ისედაც ბეწვის ხიდზე დავდივართ, ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს ძალიან არაპროგნოზირებად და აგრესიულ მეზობელთან და ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა საჭირო არ არის. ეს არის ჩვენი ცივილიზებული პოზიცია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ასევე ცივილიზებულად მიიღებს ჩვენი ოპოზიცია. რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქმედებები, პოლიტიკური ნაბიჯები შედეგს არ მოგვიტანს და იქნება მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის განცხადება. ჩვენ გვირჩევნია ჩვენი ძალისხმევის ფოკუსირება მოვახდინოთ შედეგებზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთმა გადაიხადოს კონკრეტული ფასი იმ აგრესული ქმედებებისთვის, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს და ეს ფასი არ გადაიხადოს ჩვენმა საზოგადოებამ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ, რომელსაც სიტყვა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ გააწყვეტინა, რის საპასუხოდაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ დამატებითი სპეკულაციები საჭირო არ არის.

„მე ხომ არ გიშლიდითი ხელს, სულ მძაბავთ თქვენი აქტიურობით, დამაცადეთ რომ ვთქვა ჩემი პოზიცია. დამატებითი სპეკულაციები საჭირო ნადვილად არ არის, ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ გავაგრძელოთ რეალური საქმე“, - მიმართა თამარ ხულორდავამ გიგა ბოკერიას.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

დადგენილების პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S