16-09-2019 15:07:12 ევროპა ,აღმოსავლეთ პარტნიორობა
თბილისში, „ევროპული სკოლის“ კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.
„ევროპული სკოლის“ და საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის თბილისის მერიამ ტერიტორია ლისის ტბის მახლობლად გამოყო.
„ევროპულ სკოლაში“ სწავლას შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე სხვა ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდებიც.
„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას, ბელარუსსა და მოლდოვას აერთიანებს.
ევროკავშირმა თავის ფარგლებს გარეთ პირველი სკოლის ადგილად თბილისი შეარჩია. „ევროპული სკოლა“ მიღებას 2023 წლიდან დაიწყებს და მის მიერ გაცემულ დიპლომს მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტი აღიარებს.
ევროკომსიარი იოჰანეს ჰანი და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს იმყოფებოდნენ ევროკავშირის მხარდაჭერით, 2018 წელს გახსნილ თბილისის „ახალ სკოლაშიც“, სადაც ევროპული სკოლის სისტემაზე დაფუძნებული პროგრამით სწავლობენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მოსწავლეები.