08-04-2022 11:15:02 საზოგადოება
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, პრორუსული პარტიის "კონსერვატიული მოძრაობის" რაიონული ხელმძღვანელებს ადგილობრივი მერიებიც ასაქმებენ. ასეთი ფაქტები ჩხოროწყუსა და ხონში გამოვლინდა.
ჩხოროწყუში პარტიამ ოფისი 19 თებერვალს გახსნა, მას ბექა გაბედავა და ემზარ მიქავა ხელმძღვანელობენ.
"მიქავა 4 წელია მერიის ააიპ-ში მუშაობს - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრში, უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილობრივების ცნობით, სახელმწიფო სამსახურში მუშაობს "ალტ-ინფოს" ჩხოროწყუს ოფისის კიდევ ერთი წარმომადგენელი მანუჩარ შენგელიაც, რომელიც ჩხოროწყუს სახანძრო სამსახურშია დასაქმებული", - აცხადებს "ფლანგვის დეტექტორი".
ხონში პარტიამ ოფისი 21 თებერვალს გახსნა, მას გია მანაგაძე ხელმძღვანელობს. "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით:
"გია მანაგაძე უკვე წლებია მუშაობს ა(ა)იპ ხონის კომუნალური სერვის-ცენტრში, რასაც ამავე სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი გოფოძე ადასტურებს. მისი თქმით, მანაგაძე შესანიშნავი თანამშრომელი და ადამიანია.
"ალტ-ინფოს" ხონის ოფისის კიდევ ერთი თანამშრომელი სოსო სულავა აგრეთვე წლებია, ხონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ხონის სამხატვრო სკოლაში მუშაობს, რასაც ამავე ა(ა)იპის ხელმძღვანელი სატელეფონო საუბარში ადასტურებს".
ცნობისთვის: ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ.