„წარუმატებლობამ და სასოწარკვეთამ შეიძლება, პუტინს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგოს“ - CIA-ს დირექტორი

15-04-2022 12:06:36 მსოფლიო ,კომენტარი

CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი შიშობს, რომ „პოტენციურმა სასოწარკვეთამ“ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს, უკრაინაში გამარჯვების იერსახის შექმნისთვის, შესაძლოა, ტაქტიკური ან მცირე ზომის ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგოს,– იუწყება The New York Times.

ბერნსი, რომელიც რუსეთში აშშ–ის ელჩი გახლდათ და იყო ადმინისტრაციის წევრი, რომელსაც ხშირად ჰქონდა პუტინთან ურთიერთობა, ამბობს, რომ მსგავსი იარაღის პოტენციური დეტონაცია (თუნდაც გამაფრთხილებელი გასროლის სახით), წარმოადგენს შესაძლებლობას, რაც აშშ–ს კვლავაც „ძალიან აშფოთებს“.

„პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის პოტენციური სასოწარკვეთის გათვალისწინებით იმ წარუმატებლობის გამო, რაც მათ აქამდე განიცადეს სამხედრო თვალსაზრისით, არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია ზედაპირულად აღიქვას ტაქტიკური ან მცირე ზომის ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების საფრთხე“– ამბობს ბერნსი, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად პუტინის მიერ ხშირი მინიშნებისა ბირთვულ საფრთხეებზე, მას არ უნახავს ჯარების განლაგების ან იარაღის გადაადგილების „პრაქტიკული მტკიცებულება“, რაც ამგვარი ნაბიჯის გარდაუვალობაზე მიუთითებდა.

ტაქტიკური იარაღი, რომელსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ "ბრძოლის ველის ბირთვულ იარაღად", არის უფრო მცირე ზომის იარაღი, რომლის სროლა შესაძლებელია ნაღმტყორცნიდან. ასევე შესაძლებელია მისი ნაღმივით აფეთქება კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებზე დამონტაჟებული „სტრატეგიული“ იარაღისგან განსხვავებით.

მანამდე გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის Bellingcat–ის ხელმძღვანელმა ხრისტო გროზევმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო რუსულ პოლიტიკურ წრეებში ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულიდან შიშობდნენ პუტინის რიტორიკის გამო, რომ მზად იყო მსგავსი ნაბიჯისთვის, რათა ნატოს–თვის დაემტკიცებინა, რომ „არ ეშინია“. ამასთან, გროზევისვე ცნობით, მათ შორის ძალოვან უწყებებშიც არის უკმაყოფილება ამჟამად მიმდინარე მოვლენების გამო:

„პუტინი არ გასცემს მსგავს ბრძანებას, ვიდრე მის შესრულებაში არ იქნება დარწმუნებული, ხოლო ამ დროისთვის იმ ოფიცერთა რაოდენობა, რომელთაც მსგავსი მზაობა არ აქვთ, საკმაოდ დიდია. თავად ის გარემოება, რომ პუტინი ეჭვებშია, ამცირებს მსგავსი იარაღის გამოყენების რისკებს “.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები