უკრაინამ კრეისერი "МОСКВА" თავის წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

22-04-2022 22:20:05 ევროპა ,მსოფლიო

უკრაინამ კრეისერი „Москва" თავის წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. არსებული ინფორმაციით, ჩაძირული კრეისერი უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში 2064 ნომრით შევიდა.

"UNESCO-ს კონვენციის თანახმად, უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შავი ზღვის ფსკერზე ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი კვალი უკრაინის საკუთრებაა". - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინულმა მხარემ 13 აპრილის იუწყებოდა, რომ რუსული ხომალდი ორმა უკრაინულმა რაკეტამ „ნეპტუნმა“ დააზიანა, რასაც გემზე აფეთქება მოჰყვა. სხვა გემები სამაშველო ოპერაციის ჩატარებას ცდილობდნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ "Москва" თვალთახედვიდან გაქრა.

ორი დღის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა გემის ჩაძირვა. უწყების მოკლე ცნობაში ვკითხულობთ, რომ კრეისერზე ხანძარი გაჩნდა, შედეგად მოხდა საბრძოლო მასალის დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი დგინდება.

იხილეთ ასევე: რა ბედი ეწია "Москва"–ს ეკიპაჟს: გადარჩენილები ყვებიან იმას, რასაც შოიგუს უწყება მალავს

აღნიშნული სარაკეტო კრეისერი იყო რუსული სამხედრო ძლიერების სიმბოლო, რასაც მისთვის შერჩეული სახელწოდებაც მოწმობს. ეს იყო ყველაზე დიდი რუსული გემი. მას „ცივი ომის“ პროექტს უწოდებდნენ. არსებული ცნობებით, ხომალდზე 510–მდე პირი იმყოფებოდა.

"მის ჩაძირვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ფსიქოლოგიური, ისე სამხედრო თვალსაზრისით: ის იყო კრეისერი, რომელსაც შავ ზღვაზე ანალოგი არ ჰყავდა – ფაქტობრივად, რუსეთის საზღვაო დომინირების სიმბოლო იყო“,– ამბობს ლაშა ბერიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი.

„ზუსტად როგორ ჩაიძირა, ამას ომის შემდეგ გავიგებთ, მაგრამ მანამდე მხოლოდ აღფრთხოვანება შეგვიძლია, გამოვხატოთ, თუ როგორ კარგად დაგეგმეს, სწორად შეარჩიეს ადგილი. ოპერაცია იდეალურად შესრულდა. ასეთი სახის დარტყმის განხორციელება მსგავს კრეისერზე, რომელსაც უდიდესი თავდაცვითი შესაძლებლობები გააჩნია, ძალიან რთულია: მას შეეძლო, ბირთვული დარტყმისთვის რაკეტების განთავსება. მას სარაკეტო დარტყმის განხორციელება1000–კმ–მდე მანძილზე შეეძლო. ბევრი სარაკეტო დარტყმა, რომელიც განხორციელდა უკრაინის ტერიტორიაზე შავი ზვიდან, სწორედ ამ კრეისერიდან მოდიოდა, რადგან სხვა ანალოგიური კრეისერი რუსებს არ ჰყავთ. ასევე გააჩნდა საჰაერო თავდაცვის სისტემები – იგივე ეს–300–ის საზღვაო ანალოგი, ახლო საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამდენად, მასზე ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდანაც ძალიან რთული იყო შეტევა“,– ამბობს პოლკოვნიკი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები