
ცქიტიშვილი – ხაზარაძეს: "ინვესტორი ოთახიდან არ გამიგდია"
19/09/2019 09:05:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ვიცე–პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ–ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ ბრიტანული კომპანია "მერიდიანთან" დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ინვესტორი ოთახიდან არ გაუგდია".
"ჩვენ ჩვეულებრივ საქმიან რეჟიმში ვაგრძელებთ ურთიერთობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", პირველ რიგში ამ კონკრეტული შემოთავაზებული ინვესტორის შეთანხმების პროცედურებთან დაკავშირებით. არა თუ არ გამიგდია ინვესტორი ოთახიდან, არამედ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი ინფორმაცია კონკრეტულად ამ ინვესტორთან დაკავშირებით და ერთად ვიმსჯელოთ, ეს ინვესტორი შეძლებს თუ არა, რომ ჩაანაცვლოს 45%–იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფი", – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ხსენებულ შეხვედრას მამუკა ხაზარაძე არ ესწრებოდა.
"ამ კომპანიასთან და ნებისმიერ სხვა ინვესტორთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორცილებას აპირებს, მთავრობას აქვს ყოველთვის ძალიან ყურადღებიანი და დადებითი დამოკიდებულება", – დასძინა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის: საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "სახელმწიფომ ანაკლიის ინვესტორს უთხრა, ჩვენ თქვენნაირები არ გვინდაო".
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის შეხვედრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში "კატასტროფულად ჩაიარა".
"ჩვენ ორი ინვესტორი გვყავს მზად. ერთი უკვე აქ იმყოფება, სამი დღეა, რომელთანაც ინფრასტრუქტურის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ახლად არჩეულ [კონსორციუმის] ბორდის წევრებთან ერთად. შეხვედრამ ჩაიარა კატასტროფულად. პრაქტიკულად, სახელმწიფომ მინისტრის სახით უთხრა - "ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა", – განაცხადა ხაზარაძემ "პალიტრა ნიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" სტუმრობისას.
მოგვიანებით, ხაზარაძემ გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ბრიტანული კომპანია მერიდიანი იყო:
"ეს არის რეპუტაციული, საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მუშაობს 10-ზე მეტ ქვეყანაში. პორტფელში აქვთ დაწყებული ნიუ-იორკში უზარმაზარი მშენებლობით, დამთავრებული უამრავი აეროპორტით".