
დვინიანინი: „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არავითარი შეთანხმება არ არსებობს“
20/09/2019 07:54:24 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩ ალექსეი დვინიანინის მტკიცებით, „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არავითარი შეთანხმება ბუნებაში არ არსებობს“. ამის შესახებ მან სოხუმში გამართულ ბრიფინგზე ჟენევის საერთაშორისო ფორმატზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა, შევეხო ქართველებისა და მათი დასავლელი მფარველების ხშირ მტკიცებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რაღაც შეთანხმების არსებობის თაობაზე. სრული პასუხისმგებლობით, ტელეკამერებისა და მიკროფონების თანხლებით ვაცხადებ: მსგავსი შეთანხმება ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, როდესაც ქართველები აცხადებენ, რომ რუსეთი, ან აფხაზეთი, ან სამხრეთ ოსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ ასრულებენ, ეს დაუფარავი სიცრუეა – რაც არ არსებობს, იმის შეუსრულებლობა შეუძლებელია. მე არაერთგზის მითქვამს ჟენევაში ქართველი კოლეგებისთვის, ეს შეთანხმება ქაღალდზე დატანილი ტექსტის სახით ეჩვენებინათ, ისინი კი საპასუხოდ მხოლოდ ხელებს შლიდნენ, „ის თქვენ უნდა გქონდეთო“. გაუგებარია, როგორ შეიძლება, ისაუბრო რაღაც შეთანხმების არსებობაზე, თუ ის ხელში არ გიჭირავს?!“, – განაცხადა დვინიანინმა.
ცნობისთვის: 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომლის მიხედვით, უნდა აღდგენილიყო 7 აგვისტოს სტატუს-ქვო და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნებულიყვნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში.
”სავსებით ნორმალურია, რომ რუსეთს სურს, დაიცვას თავისი ინტერესები და რუსების ინტერესები რუსეთის შიგნით, ისევე როგორც რუსულენოვანებისა რუსეთს გარეთ... და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ - ვგულისხმობ საერთაშორისო თანამეგობრობას - გვსურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობისა და დამოუკიდებლობის გარანტირება" - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ 2008 წლის 12 აგვისტოს, როცა თბილისში რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებული დოკუმენტის პროექტი ჩამოიტანა:
თუმცა სულ მალე რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც დაარღვია და ექვსპუნქტიანი შეთანხმებაც. 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა სცნო და მათ ტერიტორიებზე საკუთარი სამხედრო ნაწილები განალაგა.
საერთაშორისო თანამეგობრობის უამრავი მოწოდების მიუხედვად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჯერ კიდევ არ არის შესრულებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. რაც შეეხება საქართველოს, იგი აგრძელებს შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულებას, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციების მიუხედავად.