Accentnews.ge
უპრეცედენტო შეხვედრა დნესტრისპირეთში დაძაბულობის ფონზე: მოლდოვაში ომს ელიან?

უპრეცედენტო შეხვედრა დნესტრისპირეთში დაძაბულობის ფონზე: მოლდოვაში ომს ელიან?

29/04/2022 09:30:16 ანალიზი

დნესტრისპირეთში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ოფიციალური კიშინიოვისა და მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებმა 28 აპრილს ვარნიცაში გამართეს შეხვედრა.

როგორც განიმარტა, ეს მსგავსი დონის პირველი მოლაპარაკებებია მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა, ხოლო დელეგაციის შემადგენლობა – უპრეცედენტო. კერძოდ, Newsmaker–ის ცნობით, მოლდოვას დელეგაციას წარმოადგენდნენ ქვეყნის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანი და პრეზიდენტის მრჩეველი დორინ რეჩანი, დნესტრისპირეთს - მისი დე ფაქტო ლიდერი ვადიმ კრასნოსელსკი.

„მათ განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა“, - განაცხადეს სანდუს ადმინისტრაციაში თემის კომენტირებისას.

მანამდე სანდუმ მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი აფეთქებების სერიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში პროვოკაციების მიზეზი სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებაა:

„ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ დნესტრისპირეთის შიგნით არის დაძაბულობა სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სიტუაციის დესტაბილიზაციაში. ეს რეგიონს დაუცველს ხდის და რისკებს უქმნის მოლდოვას. […] კიშინიოვი კვლავ დაჟინებით მოითხოვს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ადგილობრივი ანალიტიკოსი იგორ ბოცანა მიიჩნევს, რომ შექმნილ დაძაბულობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

„არსებობს უკრაინის ვერსია, რომ რუსეთი ამას უკრაინული ძალების ყურადღების ამ მიმართულებით გადატანის მიზნით აკეთებს. არსებობს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დნესტრისპირეთის ვერსიაც, რომ ამას უკრაინელები აკეთებენ იმისთვის, რომ დასავლელი პარტნიორების ყურადღება მეტად მიიპყრონ, ხოლო მოლდოვა აიძულონ, მეტად „გაინძრეს“ და მხარი დაუჭიროს უკრაინას, რაც პირადად მე საეჭვოდ მეჩვენება“,– ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ მოლდოვას ვერსია სეპარატისტულ რეგიონში არსებული შიდა დაპირისპირების თაობაზე, უფრო მოტად მიმართულია იქითკენ, რომ არ მოახდინოს რუსეთისა და უკრაინის პროვოცირება.

ადგილობრივი ისტორიკოსი, რომელც დნესტრისპირეთის რეგიონში არსებულ ვითარებას კარგად იცნობს, ამბობს, რომ მოლდოვას ხელისუფლების მიერ დასახელებული ვერსია „ყველაზე უსაფრთხოა".

მისი თქმით, დნესტრისპირეთში რეალურად არსებობენ ძალები, რომლებსაც კონფლიქტში რეგიონის უფრო აქტიურად ჩართვის სურვილი აქვთ, თუმცა დარწმუნებულია, რომ ისინი „თვითმკვლელები არ არიან" წავიდნენ მსგავს პროვოკაციებზე იმ პირობებში, როდესაც რეგიონი ასეთ დაუცველ მდგომარეობაშია.

დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო საქმეთა ექს–მინისტრი ვლადიმერ იასტრებჩაკი კი პირიქით, ამ ვერსიას „პროვოკაციულად“ მიიჩნევს.

„განცხადებები, რომ დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტები შიდა დაპირისპირების შედეგია, სიმართლეს არ შეესაბამება და არ უწყობს ხელს სიტუაციის დეესკალაციას“,– განაცხადა დე ფაქტო ექს–მინისტრმა და გამოთქვა რწმენა, რომ დნესტრისპირეთის „ხელისუფლება“ არ გამოაცხადებდა თავდასხმების "უკრაინული კვალის" შესახებ, თუ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული არ იქნებოდა.

„უკრაინისთვის მსგავსი ქმედებების განხორციელებას არავითარი აზრი არ აქვს. ეს რომ უკრაინას ჩაედინა, სამიზეში ამოიღებდნენ რუს სამხედროებს და მათ შორის სერიოზულ დანაკარგებს ვიხილავდით“, – დარწმუნებულია დუმიტრუ მინზერარი, გერმანიის საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტი, მოლდოვას თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სახელმწიფო მდივანი.

მისი აზრით, ინციდენტების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან:

„მე ორ შესაძლო ახსნას ვხედავ: ერთი, რომ ეს აფეთქებები ხელოვნურად ქმნის საფრთხის, დაუცველობის ატმოსფეროს. ანუ, ის შეიძლება, გამოყენებულ იქნეს რეგიონში დამატებითი რუსული ჯარის შემოსაყვანად. მეორე – შეიქმნა „ხმაური“, რაც რეგიონში „ტერორისტულ აქტებზე“ რეაგირებით სამხედრო მოძრაობის შენიღბვის საშუალებას იძლევა“.

ის სავსებით შესაძლებლად თვლის, რომ რუსეთმა სეპარატისტული რეგიონი უკრაინის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გასახსნელად გამოიყენოს, რათა მხარი დაუჭიროს რუსეთის შეტევას ოდესის რეგიონში:

„რუსეთს ასევე შეუძლია, გამოიყენოს ეს შეიარაღებული ძალები მოლდოვაზე ზეწოლის მიზნით, ულტიმატუმის კონტექსტში.

ორივე სცენარი საკმაოდ რეალურია, რაც დამოკიდებულია სიტუაციის განვითარებაზე და უკრაინაში რუსული აგრესიის წარმატებაზე“.

თავის მხრივ იგორ ბოცანა დასძენს, რომ რეგიონში დესტაბილიზაცია არც უკრაინისთვის და არც მოლდოვასთვისაა მომგებიანი:

„უკრაინისთვის ეს არის საფრთხე და რგოლი გაყინული კონფლიქტების ჯაჭვში, ხოლო მოლდოვა არ არის მზად დნესტრისპირეთში სწრაფი გადაწყვეტილებებისთვის: მას არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად არ ძალუძს რეგიონის სწრაფი რეინტეგრაცია“.

ამ კონტექსტში ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოლდოვას ხელმძღვანელობის პოზიცია, რომელიც დაჟინებით მოითხოვს დნესტრისპირეთის პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას, სხვა ინსტრუმენტების არარსებობის შედეგია და ამჟამად კიშინიოვისა და ტირასპოლისთვის მთავარია, ეცადონ, ამ ვითარებაში „გამოუსწორებელი სისულელეები არ ჩაიდონონ“.

29 აპრილს შექმნილ ვითარებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა და მოუწოდა ყველა პასუხისმგებლიან აქტორს, თავიდან აიცილონ ვითარების დესტაბილიზაცია.

იხილეთ ასევე: რატომ არის დნესტრისპირეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S