პიტერ აკერმანი გარდაიცვალა

29-04-2022 15:14:40 მსოფლიო

IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრი, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი პიტერ აკერმანი გარდაიცვალა.

აკერმანმა დოქტორის ხარისხი მიიღო ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში, ტაფტსის უნივერსიტეტში და იყო სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ ორი მნიშვნელოვანი წიგნის თანაავტორი. მან ხელი შეუწყო რამდენიმე წარმატებულ სერიალის კონტენტის შემუშავებას და რედაქტირებას, მათ შორის დოკუმენტურ ფილმს „დიქტატორის ჩამოგდება“, სერბი დიქტატორის სლობოდან მილოშევიჩის შესახებ.

ის ასევე იყო Freedom House-ის თავმჯდომარე, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის თანათავმჯდომარე, ატლანტიკური საბჭოს საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

პიტერ აკერმანი აპრილის დასაწყისში იყო საქართველოში და შეხვდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ შეხვედრას „რევოლუციურ გეგმების“ განხილვა უწოდა.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ეს არის ომის პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას - "ნაცმოძრაობა"- თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ დღეს საქართველოში, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი.

ამ რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება. მათ სურთ ომი საქართველოში და ეს რევოლუციური გეგმებიც არის პირდაპირ კავშირში ამ ძირითად განზრახვასთან", - უთხრა მაშინ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები