
კვლევა – ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა რაოდენობა კვლავინდებურად მაღალია
23/09/2019 11:03:15 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
„ევროპის ფონდის“ კვლევის შედეგების თანახმად, ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა რაოდენობა კვლავინდებურად მაღალია.
გამოკითხულთა 71% ევროკავშირს ქვეყნისთვის სასურველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად მოიაზრებს და მიუხედავად სხვადასხვა გაცნობიერებული რისკისა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს მტკიცედ უჭერს;
ევროინტეგრაციის სურვილი ძირითადად უკავშირდება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების (54%), ქვეყნის უკეთ დაცულობის (21%), და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედს (14%); გამოკითხულთა 16% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია.
გამოკითხული მოქალაქეები ევროინტეგრაციის მიმართ კვლავ დადებითად და იმედიანად არიან განწყობილი; გამოკითხუკლი მოსახლეობის 53% სურვილს გამოთქვამს, მეტი ინფორმაცია მიიღოს ევროკავშირის შესახებ;
კვლევის მიხედვით, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანას სჭირდება ის დახმარება, რასაც მას ევროკავშირი უწევს. გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ ყველაზე სასარგებლო დახმარება ევროკავშირის მხრიდან იქნებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, 22%-ის აზრით კი - საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადება.
კვლევის მიხედვით, ნდობა შემცირებულია ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ, როგორებიცა: პრეზიდენტი (27%), პრემიერ-მინისტრი (24%), პარლამენტი (19%), პოლიტიკური პარტიები (13%) და სასამართლო (17%). ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კვლავ ძალოვანი სტრუქტურებისა (ქართული ჯარი - 77% და პოლიცია - 51%) და რელიგიური ინსტიტუტების (74%) მიმართ ფიქსირდება, ხოლო ნდობა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოსახლეობის თანაბარ წილს - 27%-ს აქვს.
გამოკითხვას „ევროპის ფონდი“ 2009 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და მაქსიმალურად იდენტური კითხვარის გამოყენებით ატარებს. კვლევის ფარგლებში, საქართველოს 2700-ზე მეტი მოქალაქე გამოიკითხა.