05-05-2022 20:41:30 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიტყვების გამო ბოდიში მოუხადა, - იუწყება რუსული მედია ბენეტის კანცელარიაზე დაყრდნობით.
«მხარეებმა სერგეი ლავროვის განცხადებები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ბენეტმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში და მადლობა გადაუხადა ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის მიმართ მისი დამოკიდებულების განმარტების გამო», — ნათქვამია ინფორმაციაში.
საუბარია ლავროვის განცხადებაზე უკრაინის "ნაციფიკაციის" შესახებ. რუსეთის პირველმა დიპლომატმა, მათ შორის, განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის "ებრაული წარმომავლობა არგუმენტი ვერ იქნება, რადგან როგორც ხშირად თავად ებრაელები ამბობენ, ყველაზე თავზეხელაღებული ანტისემიტები, როგორც წესი, თავად ებრაელები არიან».
პრემიერმა ნაფტალი ბენეტმა ლავროვის სიტყვებს «მიუტევებელი და აღმაშფოთებელი" უწოდა, ქვეყნის საგარეო უწყებაში კი განმარტებებისთვის რუსეთის ელჩი ანატოლი ვიქტოროვი დაიბარეს.
მოგვიანებით რუსეთის მთავარმა რაბინმა ბერლ ლაზარმა ლავროვის განცხადებებს "შოკისმომგვრელი" უწოდა და ქვეყნის მთავარ დიპლომატს ებრაელების წინაშე ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. "მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ინციდენტი ამოწურულად ჩაითვალოს" - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: რუსეთი აქტიურად იყენებს ვითომდა "ნეონაციზმთან ბრძოლის" სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ ნარატივს უკრაინის მიმართ აგრესიის გასამართლებლად.
ამ თემის გამოყენება სცადა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ იტალიურ ტელეარხ Rete4-ის პროგრამაშიც, რომლის მსვლელობისას მან განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერს "სავარაუდოდ, ებრაული სისხლიც ერია", რომ "ყველაზე თავზეხელაღებული ანტისემიტები, როგორც წესი, სწორედ ებრაელები არიან" და ამ კონტექსტში ზელენსკისა და ჰიტლერს შორის გაავლო პარალელი.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მკაცრად გააკრიტიკა ლავროვიცა და იტალიური პროგრამაც, რომელმაც მას ინტერვიუ ჩამოართვა. DW-ს ცნობით, დრაგიმ აღნიშნა, რომ "ეს პროგრამა დაანონსებული იყო, როგორც ინტერვიუ რუსეთის მთავარ დიპლომატთან, მაგრამ რეალურად, პოლიტაგიტაციის სეანსად იქცა". "რუსეთისგან განსხვავებით, იტალიაში არის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება - რაოდენ ცრუ ან მცდარიც არ უნდა იყოს იგი, მაგრამ გვმართებს კარგი დაფიქრება იმაზე, რამდენად მისაღებია ინტერვიუსთვის ვინმეს მოწვევა და რესპონდენტის მსგავსი გამონათქვამების რეაგირების გარეშე დატოვება! ეს არ იყო ჟურნალისტური მიღწევა. ეს ძალზე უცნაურ შეგრძნებებს იწვევდა. ხოლო რაც ლავროვმა თქვა, უბრალოდ ამაზრზენია! ", - აღნიშნა პრემიერმა.
ლავროვის განცხადებებსა და ტელეპროგრამის მესვეურთა ქცევას სხვა რიგი იტალიელი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. ექს-პრემიერმა, სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ენრიკო ლეტამ ამ პროგრამას "ჩავარდნა" უწოდა.
მანამდე ისრაელმა გამოთქვა აღშფოთება რუსეთის მთავარი დიპლომატის სიტყვებთან დაკავშირებით და მოსკოვისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღანელმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ლავროვის სიტყვები "შეურაცხმყოფელია პრეზიდენტ ზელენსკისთვისაც, ისრაელისთვისაც და მთელი ებრაელი ხალხისთვისაც".
ხოლო გერმანიის მთავრობაში ლავროვის განცხადებებს "აბსურდული პროპაგანდა" უწოდეს.