გარი კასპაროვი: "საქართველოს ხელისუფლებამ ამორალური პოზიცია დაიკავა"

05-05-2022 21:58:29 თვალსაზრისი

რუსეთის ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გარი კასპაროვი საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის მიმართ და საკუთრივ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების საკითხში დაკავებულ პოზიციას "ამორალურად" მიიჩნევს.

მისი შეფასებით, "დღეს პუტინის რეჟიმს მოკავშირეები აღარ რჩება, მისი ოლიგარქები კი გამალებით ეძებენ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის გზებს".

ტელეკომპანია "Formula"-სთან ინტერვიუში კასპაროვმა ასევე აღნიშნა, რომ "აკვირვებს" თბილისის "უცნაური" პოზიცია საქართველოზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის თაობაზე:

"დღეს კრემლს რესურსები არ გააჩნია ახალი ფრონტების გასახსნელად, ამდენად, საუბრები იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მიერ პრინციპული პოზიციის დაკავება რუსულ აგრესიას გამოიწვევს, სრულიად უსაფუძვლოა".

ამ კონტექსტში კასპაროვმა გაიხსენა, რომ "მოსკოვის მუქარის მიუხედავად, რეალობაში, რუსეთი იძულებულია, უკრაინაში ქვედანაყოფები როგორც შორეული აღმოსავლეთიდან, ისე აფხაზეთიდან, სომხეთიდან და ტაჯიკეთიდან გადაისროლოს, იმ დროს, როცა დასავლეთს მკაცრი პოზიცია აქვს დაკავებული და პუტინის მხრიდან აგრესიის რაიმე აქტის განხორციელების ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს მოსკოვზე იმგვარ ზეწოლას, რომელმაც რუსეთი შეიძლება, საბოლოოდ გაანადგუროს".

"იმ როლის გათვალისწინებით, რომელსაც უკრაინა რუსულ აგრესიასთან საქართველოს ბრძოლაში ყოველთვის ასრულებდა, დღეს ოფიციალური თბილისის პოზიცია სულ მცირე, ამორალურია. სანქციები - ეს კიევისთვის გამარჯვების მიღწევის საშუალებაა, რათა პუტინმა ომისა და საკუთარი რეპრესიული რეჟიმის დაფინანსება ვეღარ შეძლოს. ამდენად, ნებისმიერი ქვეყანა თუ კომპანია, რომელიც კრემლს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება, დასავლეთის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს და თუ დადასტურდება, რომ საქართველოს ოფიციალური პირები ან პირადად ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქებთან თანამშრომლობენ სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, სანქციები მათ მიმართაც უნდა ამოქმედდეს. დასავლეთმა გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი არხის ამოსალუქად" - განაცხადა კასპაროვმა.

იგი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მასში სათავისოდ დიდ საფრთხეს ხედავს. "როგორც ჩანს, ისინი შიშობენ, რომ ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში სააკაშვილი საპროტესტო მოძრაობას ჩაუდგება სათავეში" - დასძინა კასპაროვმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები