
ცენტრი "ემპათია" სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მეოთხე დასკვნას აქვეყნებს
06/05/2022 14:10:38 საზოგადოება
6 მაისს ცენტრმა „ემპათიამ“ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რიგით მეოთხე დასკვნა გამოაქვეყნა.
როგორც განიმარტა, დასკვნა მომზადებულია შეზღუდული ხასიათის სამეციდინო ინფორმაციისა და სააკაშვილის კლინიკური შემოწმების შეუძლებლობის პირობებში, პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციისა და წინა შეფასებების საფუძველზე.
დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხორციელდებოდა არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა ეპიზოდებით.
"მიხეილ სააკაშვილისთვის ამ დროისთვის დადგენილი დიაგნოზები (ვერნიკეს ენცეფალოპათია, დაუზუსტებელი ცილოვან-ენერგეტიკული უკმარისობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ორგანული ემოციურად ლაბილური აშლილობა, რაც ასევე მოიცავს შერეულ შფოთვით-დეპრესიულ ეპიზოდებს, სიმპტომური ანორექსია და წონის კარგვა) დიდი ალბათობით, პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია:
- გახანგრძლივებული შიმშილობის შემდეგ კვებითი აღდგენითი თერაპიის არაეფექტურ წარმართვასთან,
- შემდგომში ასევე ვერნიკეს ენცეფალოპათიის შეუსაბამო მკურნალობასთან.
შიმშილობის გახანგრძლივება კი გამოიწვია ტრავმული – სტრესული გარემოს ზემოქმედებამ.
ყოველივე ერთობლიობაში იწვევს ადამიანის ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის თანდათანობით გაუარესებას და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას" - მიიჩნევენ "ემპათიის" ექსპერტები.
დასკვნაში საგანგაშოდ არის მიჩნეული ჰიპოპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, ანემია, საკვების მიუღებლობა, ფსიქო-ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქო-ფიზიკური განლევადობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, თანმდევი ფსიქიკური კომპონენტების დამძიმებით.
დასკვნაში ნათქვამია, რომ არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში მდგომარეობა შეიძლება, შეუქცევადად გაუარესდეს და ჩამოყალიბდეს კორსაკოვის სინდრომი (გზა დემენციისკენ), ორგანული უკმარისობა და კახექსია, რომ არსებობს ლეტალური გამოსავლის საფრთხეც.
ცენტრ „ემპათიის“ რეკომენდაციებს შორის არის პაციენტის სასწრაფო წესით გადაყვანა მაღალტექნოლოგიურ მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება, მას ჩაუტარდეს ინტენსიური და კვებითი თერაპია, ასევე ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დისტრესული სიტუაციებისგან თავისუფალ გარემოში.
"ემპათიის" ექსპერტები ასევე საჭიროდ მიიჩნევენ დამატებით დიაგნოსტიკას და მკურნალობის კურსის შეცვლას.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნადაა გაუარესებული".
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი "საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს".