ღარიბაშვილი: "ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, ჩვენთვის"

09-05-2022 19:08:51 საგარეო პოლიტიკა

„ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო გადაწყვეტილება არა მარტო ამჟამინდელი მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინის შესახებ:

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატავო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს უკრაინელ, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში".

როგორც პრემიერი აცხადებს, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში:

„კიდევ ვიმეორებ - რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და, რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის, საქართველოსთვის. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ უპასუხებს თანამედროვე მსოფლიო ამ გამოწვევას, რომელიც დღეს ევროპაში დგას, ჩვენ ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც ჩვენ არასდროს არ გადავუხვევთ. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და მთლიან ევროპას“.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო. 15 აპრილს, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით", ხელისუფლებამ ის გაასაჯაროვა.

დოკუმენტის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა. იგი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებდა საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

საქართველოსთან ერთად, 3 მარტს, წევრობის განაცხადი გააგზავნა მოლდოვამ. მანამდე, 28 თებერვალს - უკრაინამ. ორივე ქვეყანამ კითხვარებზე პასუხები ევროკავშირს უკვე ჩააბარა.

29 აპრილს ხელისუფლებამ გაასაჯაროვა დოკუმენტის მეორე ნაწილი. მასში თითქმის 2300 კითხვაა. იგი არკვევს, რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, რამდენად მოხერხდება მასში ცვლილებების შეტანა და რამდენად მზადაა საქართველო, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა დააკისრებს.

დოკუმენტის ორივე ნაწილში ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაასაბუთოს პასუხები კონკრეტული მაგალითებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები 2 მაისს გადასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 6 მაისს, განაცხადა, რომ კითხვარის მეორე, შევსებულ ნაწილს ევროკომისიას 10 მაისს ჩააბარებენ.

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. მან წარადგინა იდეა, ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და რომელიც ევროპაში ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს, რომელიც დღეს 27 ქვეყანასა და 447.7 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები