09-05-2022 22:58:36 რეპორტაჟი
დღეს 2022 წლის 9 მაისია – დღე, როდესაც რუსეთი და რიგი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ცივილიზებულმა სამყარომ ნაციზმზე გამარჯვება 8 მაისს იზეიმა. მასთან ერთად გუშინ შეიძლებოდა, აღენიშნა ეს თარიღი საქართველოსაც, მაგრამ არა – ჩვენი ქვეყანა ამ თვალსაზრისით კვლავინდებურად “რუსულ ბანაკშია”.
რატომ 8 და არა 9 მაისი?
გაერო-ს გენასამბლეამ 8 და 9 მაისი მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის თარიღად 2004 წელს დააწესა. უპირობო კაპიტულაციის აქტს 1945 წლის 8 მაისს, ევროპის დროით 22:45 სთ-ზე მოეწერა ხელი. მაგრამ საბჭოთა დედაქალაქში უკვე 9 მაისი იდგა. ამდენად, სსრკ-ში, ხოლო შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილში ნაციზმზე გამარჯვებას 9 მაისს აღნიშნავენ.
ინიციატივამ, ამ კუთხით საქართველო ცივილიზებულ სამყაროს შეერთებოდა და ეს თარიღი არა 9, არამედ 8 მაისს ეზეიმა, ჩვენს ქვეყანაში უკვე არაერთგზის გაიჟღერა. ინიციატორთა არგუმენტაცია იმაში მდგომარეობდა, რომ “8 მაისი ობიექტურადაა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი კი უფრო საბჭოთა თარიღია, რომელიც რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობასთან იყო დაკავშირებული, ამდენად, საქართველო ნაციზმზე გამარჯვების დღეს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად უნდა აღნიშნავდეს”.
საპარლამენტო ოპოზიციამ ეს საკითხი დღის წესრიგში წელსაც დააყენა, თუმცა მმართველმა უმრავლესობამ შრომის კოდექსში შესატანი შესაბამისი ცვლილებების განხილვის დასაწყებად ამ დრომდე “ვერ მოიცალა” – და წინა წლების მსგავსად, ფაშიზმზე გამარჯვებას ჩვენი ქვეყანა წელსაც რუსეთთან ერთ დღეს აღნიშნავს.
2022 წლის განსაკუთრებული 9 მაისი
საქართველოს მხრიდან ეს უცნაური იყო წინა წლებშიც, განსაკუთრებით – 2008 წლის შემდეგ, როცა რუსეთი ჩვენს ქვეყანაში დიდძალი არმიით შემოიჭრა, 5-დღიანი ომის შედეგად დამატებითი ტერიტორიები დაიკავა და ჯამში საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტად იქცა.
კიდევ უფრო გაუგებარია ფაშიზმის დამარცხების დღის რუსეთთან ერთად აღნიშნვა წლევანდელ 9 მაისს, როცა უკვე საყოველთაოდაა ცნობილი, რა ჩაიდინეს და რას სჩადიან ახლაც უკრაინაში რუსეთის ხელისუფლება და მისი ჯარი. ფაშიზმზე გამარჯვების დღე ხომ წელსაც, ისევე, როგორც წინა 7 ათწლეულის განმავლობაში, ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ წლევანდელი თებერვლიდან დაწყებული, რუსეთი მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის სწორედაც რომ ბოროტების სიმბოლოდაა ქცეული.
პუტინის რეჟიმის ფაშიზმი
პუტინის რეჟიმი რომ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს არ ეპუება – საიდუმლოს დიდი ხანია, აღარ წარმოადგენს. ვის-ვის - და საქართველოს ეს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ამდენად, პუტინის რეჟიმთან აფილირებული პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსების, მათ მიერ მართული “მედიასაშუალებებისა” და ცალკეული ცნობადი პერსონების გამალებულ მცდელობებს, მოსახლეობას რუსული ოკუპაციის თემა დაავიწყონ, პუტინის სისხლიან რეჟიმს პირი მოწმინდონ და ქართველი ხალხის წარმოდგენაში რუსეთი მთავარი მტრიდან მოყვარედ აქციონ, ჯერ-ჯერობით, საბედნიეროდ, მხოლოდ მინიმალური შედეგი აქვს. ხოლო უკრაინიდან მომავალმა უკვე დადასტურებულმა ზღვა ინფორმაციამ რუსული ჯარის არაადამიანური სიმხეცისა და ენით აღუწერელი დანაშაულების შესახებ წესით, სამუდამოდ უნდა შეაცვლევინოს აზრი თავად საქართველოში მყოფ რუსეთუმეებსაც, რომლებიც ამ დრომდე ცდილობენ, პუტინის რეჟიმისა და რუსული ჯარის ფაშიზმი გაამართლონ პროპაგანდისტული ნარატივით – “ომი ომია, ომში მსგავსი ყოველთვის ხდება, საქართველომ არანაკლები გადაიტანაო”.
ძნელი მოსასმენია, მძიმე წასაკითხი და ასჯერ უფრო მძიმე სანახავი ის, რაც პუტინის ჯარმა უკრაინაში უკვე ჩაიდინა და დღესაც სჩადის. მაგრამ თუ გვსურს, რუსული ფაშიზმი ამჯერად მაინც საკადრისად დაისაჯოს და სამომავლოდ მსგავსი რამ თავშიც კი აღარავის მიმართ გაივლოს, მსოფლიოში გამუდმებით უნდა ცირკულირებდეს ინფორმაცია ამ წარმოუდგენელი, უმძიმესი დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. მხოლოდ ამიტომ ვაცნობთ ჩვენს მკითხველს სულ რამდენიმე ასეთ შემთხვევას უკრაინის სახალხო დამცველის - ლუდმილა დენისოვას მოხსენებიდან, რომელიც რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინულ ქალაქებსა და დაბებში ამ დრომდე აღრიცხულ, უკვე გამოკვლეულ და დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება:
- უმოწყალო დაბომბვების შედეგად მიწასთან გასწორებული მარიუპოლის სრულად აღების შემთხვევაში კრემლი ქალაქში საცხრამაისო აღლუმის ჩატარებას გეგმავდა და ამ მიზნით ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები წამოიწყო, ყველაზე საშინელი საქმის შესრულებას – გვამების შეგროვებას კი ცოცხლად გადარჩენილ, გატანჯულ, დამშეულ მარიუპოლელებს აიძულებდნენ – 100-100 გრამი ბრინჯის ან წიწიბურას სანაცვლოდ;
- 14 წლის ო.-სთან ფსიქიატრი და ფსიქოლოგი აგრძელებენ მუშაობას, თუმცა სწრაფ შედეგს არ ელიან: უკრაინელ გოგონას სამი დღის განმავლობაში აუპატიურებდა ხუთი რუსი სამხედრო; ახლა მას მორალურად ამზადებენ დედობისთვის, რადგან ამგვარად ჩასახული ნაყოფის მოშორების შემთხვევაში იგი განწირული იქნება უშვილობისთვის;
- 17 წლის ნ. ფსიქიატრიულ კლინიკაში რჩება: მოზარდის თვალწინ რუსი სამხედროები ოთხი დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობით აუპატიურებდნენ მის დედასა და 11 წლის დას; და შემოაკვდათ, ყოველმხრივ ნაწამები დედა კი მეხუთე დღეს მოზარდის თვალწინ ჩაცხრილეს და ბავშვს განუცხადეს: “ცოცხლად მხოლოდ იმისთვის გტოვებთ, რომ გადასცე თქვენს მოდგმას, უკრაინელებს არსებობის უფლება არ გაქვთ და აღარც იარსებებთ”;
- 26 წლის დედას - ლ.-ს, რომელსაც ორმა რუსმა ჯარისკაცმა სარდაფში მიაკვლია, ორი თვის ჩვილი თვალწინ გაუუპატიურეს, მერე კი ჩაუცხრილეს;
- 45 წლის მამაკაცი – ნ. რუს სამხედროებს მისი ძმის თვალწინ ჯგუფური გაუპატიურება-წამებისას შემოაკვდათ;
- სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს რუსული ჯარისგან გათავისუფლებულ დაბაში, საჯარო დაწესებულების სარდაფში ნანახი არასოდეს დაავიწყდებათ: “კადიროველებს” აქ სამი ათეული ადგილობრივი ჰყავდათ დატყვევებული, ყოველდღიურად ერთმანეთის თვალწინ წამებით კლავდნენ, თავად კი იქვე იკვებებოდნენ და იქვე ისაქმებდნენ. “როგორც ჩანს, მიწა სისხლს სრულად ვეღარ იწოვდა და როცა იმ სარდაფში ჩავედით, იატაკი ერთიან რუხ-წითელ ჟელედ იყო ქცეული” – ყვება ლუდმილა დენისოვა.
ამგვარი და მსგავსი ფაქტები უკვე ათასობითაა აღრიცხული. მათი რაოდენობა ოკუპანტებისგან ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლების პარალელურად იზრდება. ამასთან, როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია, რომ მომხდარს ყველა დაზარალებული როდი ამხელს: მათი ნაწილი შოკიდან ვერ გამოდის, ნაწილს გაუპატიურებისა და სხვა არაადაიანური მოპყრობა-დამცირების ფაქტების გამხელა არ შეუძლია.
“ბავშვები – ჩვენი მომავალი, ორკების განსაკუთრებული სამიზნეა. ამ დროისთვის 1600-მდე ბავშვს ვეძებთ, მათი ბედი უცნობია. ვიცით, რომ რუსებს ბევრი მცირეწლოვანი ძალით გაჰყავთ რუსეთში და იქ საბუთებს უცვლიან – რუსებად წერენ. უკრაინაში კი ბავშვებს ან ფიზიკურად სპობენ, ან ენით აღუწერელ დღეში აგდებენ – უმრავლესობას ფსიქიკა შეერყა და არ ვიცი, შეძლებენ თუ არა, სრულად ჩადგნენ ოდესმე მწყობრში. გენოციდის კიდევ ერთი გზა ქალებისა და გოგონების გაუპატიურებაა: ძალიან ბევრი გვყავს ორკებისგან დაორსულებული და თითქმის ყველა ასეთ შემთხვევაში მოძალადეები უმეორებდნენ – “ყველა გზით ამოგწყვეტთ უკრაინელებს, თქვენი მომავალი თაობა რუსები იქნებიანო”… მორწმუნე ადამიანი გახლავართ და არასოდეს, არასოდეს ვუსაყვედურებ უფალს, მაგრამ როცა ამ ყველაფერს ვისმენ და ვხედავ, გონებიდან ვერ ვიშორებ კითხვას, როგორ უშვებს უფალი, რომ ამ დრომდე აგრძელებენ სუნთქვას პუტინიც, მისი გარემოცვაცა და მათი ჯარიც, რომელთაც არავითარი უფლება არ აქვთ, არათუ ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე მოიხსენიებოდნენ და ჩვენი “ერთმორწმუნე” პატრიარქის მიერ იკურთხებოდნენ, არამედ საერთოდ იწოდებოდნენ ადამიანებად?!” - ცრემლს ვერ იკავებს ლუდმილა დენისოვა.
როგორ აღნიშნა პუტინის ფაშისტურმა რეჟიმმა ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი
უფლის ნებითა და მთელი ცივილიზებული სამყაროს ერთიანი ძალისხმევით მოხდა ისე, რომ საქართველოსა და უკრაინის ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფაშისტური რეჟიმის ლიდერ ვლადიმირ პუტინს დღევანდელ ცინიკურ, სამარცხვინო აღლუმზე ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლები ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჰყავდა წარმოდგენილი, გვერდში მსოფლიოს არც ერთი ლიდერი არ ედგა - არავინ საკუთარი გარემოცვისა და უკრაინაში რუსული ფაშიზმის მკურთხევლის - საქართველოსა და უკრაინის "ერთმორწმუნე" პატრიარქ კირილის გარდა და რუსი ხალხისთვისაც ბევრი ვერაფერი ჰქონდა ვერც სათქმელი და ვერც წარსადგენი.
მთავარსარდალი, რომელმაც სსრკ-ის აღდენის ფაშისტურ, იმპერიალისტურ, ავადმყოფურ ამბიციას უკვე 25 ათასზე მეტი თანამემამულის, მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნების სიცოცხლე და აუარებელი ტექნიკა შესწირა, დღეს უკრაინის არათუ “2-3 დღეში” დაპყრობით ვერ იკვეხნიდა, არამედ სრულად ვერც ერთი მსხვილი უკრაინული ქალაქის დაკავებითაც კი. კონვექციური ომის პირველი ფაზის წაგების შემდეგ დაწყებული მეორე ფაზა რუსეთისთვის ჯერ-ჯერობით ასევე წარუმატებელია - და 9 მაისისთვის თითქმის მთლიანად აღებულ მარიუპოლში “აზოვსტალის” დაპყრობაც კი ვერ მოესწრო. ეს მაშინ, როცა უკრაინული ჯარი, რომლის ბრძოლის ჟინმა, თავგანწირვამ და ოსტატობამ მთელი მსოფლიო გააოცა, მხოლოდ ახლა იწყებს: იწყება შემტევი შეიარაღების მიღება – და სულ მალე ვოლოდიმირ ზელენსკის არმია აქტიურ კონტრშეტევებზე შეძლებს გადასვლას.
ამ ყველაფრის ფონზე დასავლეთი რუსეთს სულ უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს, რაც რუსულ ეკონომიკას სულ უფრო მეტად უთხრის ძირს და სულ უფრო მძიმე დარტყმებს აყენებს მოსახლეობასა და ქყევნის ეკონომიკურ პერსპექტივებს.
რა რჩება ასეთ ვითარებაში პუტინს? უკრაინაში შეჭრიდან მალევე კრემლიდან ბუნკერში გადასახლებული მთავარსარდალი დღეს თითქმის აღარ იმუქრებოდა და საკუთარი ხალხის წინაშე თავის მართლების რეჟიმში იყო, მაგრამ საამისოდაც მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი ჰქონდა შემორჩენილი - უმოწყალო სიცრუე. 9 მაისის აღლუმის ტრიბუნიდან პუტინმა კვლავ განახორციელა მცდელობები, უკრაინის მიმართ გაუგონარი აგრესია სრულიად ალოგიკური სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული განცხადებებით ემართლებინა. კერძოდ, მან კვლავ გაიმეორა სამარცხვინო ზღაპარი უკრაინელთა “ნაციზმის” შესახებ, ასევე სიცრუე, თითქოს "ნატო და უკრაინა რუსეთზე თავდასხმას გეგმავდნენ", რომ "რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში იყო აუცილებელი და დროული პრევენციული ღონისძიება”, რომ ეს იყო “დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული ქვეყნის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება" და რომ “რუსი მებრძოლები დღეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის აგრძელებენ ბრძოლას”.
თუმცა კრემლის ამ სიცრუის ცივილიზებულ სამყაროში აღარავის სჯერა. მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, ისევე, როგორც ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რუსეთს ერთადერთ აგრესორად მიიჩნევენ, ხოლო მოსკოვის “სპეციალურ ოპერაციას” – უკრაინაში უკანონო არაპროვოცირებულ შეჭრად.
დღესვე გააბათილა პუტინის სიცრუე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, რომელმაც, ჩვენს მსგავსად, რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლაში "სასოწარკვეთის ნიშნებიც" განჭვრიტა: "პუტინმა დღეს განაცხადა, თითქოს “ნატო–მ რუსეთი ალყაში მოაქცია”. და ეს მაშინ, როცა ნატო–ს ქვეყნებს რუსეთთან საზღვრის დაახლოებით 6% აქვთ საზიარო! ამასთან, იგი ირწმუნებოდა, რომ უკრაინაში ნატო–ს ბაზები იყო განთავსებული, მაგრამ უკრაინაში ალიანსის ბაზები არასოდეს ყოფილა. ნატო, დიდი ბრიტანეთი და აღმოსავლეთ ევროპა არასოდეს შეჭრილან რუსეთში და არც გეგმავენ ამას. ეს რუსეთი შეიჭრა მთელი მსოფლიოს თვალწინ უკრაინაში და არა პირიქით! რუსული სარდლობა, ისევე, როგორც პრეზიდენტი პუტინი, პასუხისმგებლები არიან უკრაინაში ჩადენილ და მიმდინარე სამხედრო დანაშაულებზე, რომლებიც თავისუფლად შეგვიძლია, შევადაროთ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური რეჟიმის სისასტიკეს. პუტინი, მისი გარემოცვა და გენერლები დღეს სწორედ 70 წლის წინანდელ ფაშიზმსა და ტირანიას ბაძავენ და საბოლოო ჯამში, მათ ბედს გაიზიარებენ. როგორც თავად უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრა, ისე სისასტიკე, რომელსაც რუსული ჯარი იქ სჩადის, ზიანს აყენებს მსხვერპლს, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომში გაიღო და ქვეყნის რეპუტაციას მთელს მსოფლიოში. პუტინმა ნაციზმთან რუსი ხალხის ბრძოლის ისტორია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მოიპარა. ისიც და რუსეთის სამხედრო სარდლობაც ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ” – განაცხადა უოლესმა.
დღეს ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ გამოსვლებში მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის გერმანიისა და დღევანდელი რუსეთის ქმედებებს შორის პირდაპირ და ირიბ პარალელებს ავლებდნენ დასავლური ქვეყნების სხვა ლიდერებიც. წლევანდელ აღლუმზე მათგან მოსკოვში არავინ ჩასულა, - როგორც კრემლში ირწმუნებიან, მათ წელს თავადაც არავინ მიუწვევიათ.
პუტინის გვერდში არ ჩანდა მისი ერთადერთი შემორჩენილი მოკავშირე - ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკოც კი. ორი დღით ადრე ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის “ესოდენ გაჭიანურებას არ ელოდა” - და რუსეთის ქმედებებისგან დისტანცირებას შეეცადა.
ტოტალური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მიუხედავად, სულ უფრო ნაკლებ მოქალაქეს სჯერა საკუთარი პრეზიდენტისა და სამხედრო სარდლობის თავად რუსეთშიც. 9 მაისს ქვეყნის მთელ რიგ ქალაქებში გამართულ “უკვდავი პოლკის” მსვლელობებზე უკრაინასთან ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების ნათესავების პროტესტიც ისმოდა. პოლიციამ რამდენიმე ათეული მათგანი ანტისაომარი პლაკატების გამო დააკავა.
9 მაისს საპროტესტო გამოსვლები დაიწყო რუსულ სახელისუფლებო მედიაშიც. კერძოდ, დილით ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა საინფორმაციო პორტალმა «Лента.ру»-მ ერთდროულად რამდენიმე ანტისაომარი და ანტისახელისუფლებო მასალა გამოაქვეყნა სათაურებით “პუტინმა უკრაინაში რუსეთის გეგმების შესახებ იცრუა”, «ტერორისტი პუტინის თაოსნობით რუსულმა არმიამ მშვიდობიან მარიუპოლში გენოციდი მოაწყო», “რუსული ჯარი ქურდებისა და მაროდიორების არმია აღმოჩნდა”, “პუტინი საბრალო დიქტატორად და პარანოიკად იქცა” და სხვა. მოგვიანებით ეს მასალები საიტიდან გაქრა, თუმცა შენახულია ვებ-არქივში. ყველა მათგანი «Ленты.ру»-ს თანამშრომლების მიერაა ხელმოწერილი.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე უკრაინაში
ფაშიზმზე გამარჯვების დღე დღეს უკრაინაშიც აღნიშნეს – მართალია, მასობრივი ღონისძიებების გარეშე, მაგრამ მაინც.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, დასავლელი ლიდერების მსგავსად, ფაშისტურ გერმანიასა და დღევანდელ რუსეთს შორის გაავლო პარალელი და განაცხადა, რომ “სულ მალე უკრაინაში ორი გამარჯვების დღე იქნება, ხოლო რუსეთში – აღარც ერთი”.