თენგიზ ფხალაძე: „ტიტანიკს ვემსგავსებით, რომელიც ჯიუტად მიდის აისბერგისკენ!“

10-05-2022 16:45:44 ინტერვიუ

აქტუალურ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ინტერვიუ პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-მკვლევარ თენგიზ ფხალაძესთან.

– ბატონო თენგიზ, მათ შორის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ უსაფრთხოების გარემოს გაუარესებიდან გამომდინარე, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღებამდე ვსაუბრობდით ნატო–ს 10–წლიან სტრატეგიაში საქართველოს ფუნქციური როლის განსაზღვრის აუცილებლობაზე. 24 თებერვლის შემდეგ ეს საჭიროება კიდევ უფრო მძაფრი გახდა. ნატო–ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში საქართველოში ამასწინანდელი ვიზიტისას განაცხადა, „ნატო–ს მადრიდის სამიტზე საქართველოს საჭიროებებზე მიბმული გადაწყვეტილებები იქნება მიღებულიო". ზოგადად როგორ ხდება ამ საჭიროებების განსაზღვრა?

– იდეაში, ფორმულა ასეთია, რომ საჭიროებები უპირველესად, თავად სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, რადგან ჩვენზე უკეთ ვერავინ გვეტყვის, რა გვჭირდება და შემდეგ, ერთობლივი კომუნიკაციით, კონსულტაციებით და მოლაპარაკებებით მიმდინარეობს საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება, პარტნიორები დაგვეხმარონ თავიანთი შესაძლებლობის გათვალისწინებით. უმთავრესი ჩვენი პოზიციაა – პრიორიტეტები ჩვენი ჩამოსაყალიბებელია და აქედან გამომდინარე ვმუშაობთ პარტნიორებთან. ცხადია, ეს არ გამორიცხავს საფრთხეების შეფასებაში, პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში პარტნიორებთან აქტიურ კონსულტაციებს.

ცხადია, ამისთვის პროაქტიული პოლიტიკაა საჭირო და ამჟამად ჩვენი ასე ვთქვათ, მთავარი სამიზნე რა უნდა იყოს?

– მუშაობა ყოველთვის ორი მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს: პრაქტიკული შემადგენელი – თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, რაც გულისხმობს ძალიან კონკრეტულ და პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლის გადადგმაც უფრო ადვილია, ვიდრე იმ დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა [წევრობის შესახებ]. თუმცა არასდროს თამასა დაბლა არ უნდა დავწიოთ და ყველა შეხვედრა ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ იმ დიდ გადაწყვეტილებაში ცოტათი მაინც წავიწიოთ წინ, რადგან საბოლოო მიზანი არა პარტნიორობის გაღრმავება, არამედ წევრობაა და ამ გზაზე ძალიან მიზანმიმართულები, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ცხადია, ეს ქმედებების მთელ კომპლექსს გულისხმობს, როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. საგარეო მიმართულებით ეს არის მუდმივი მუშაობა არა მხოლოდ ბრიუსელთან, არამედ უპირველესად, ე.წ. სკეპტიკურ ქვეყნებთან. საშინაო მიმართულებით კი ეს ის რეფორმებია, რომლებიც ნატო–ს სტანდარტებიდან გამომდინარეობს.

გვითხრეს კიდეც, „1,5 წელიწადია, პაუზაა რეფორმების მიმართულებით აღებული, რაც ნატო–ში გვაშფოთებსო“...

– დიახ. ეს რეფომები მხოლოდ თავდაცვას და უსაფრთხოების მიმართულებას არ ეხება, საუბარია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ვიმეორებ, ეს ქმედებების დიდი კომპლექსია, რომელიც სინქრონულად უნდა ტარდებოდეს და არ წყდება სადღაც ერთი თუ ორი ვიზიტით.

რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, რაც თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ეხება, ამ მიმართულებით კონკრეტულად რაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი, რათა საქართველოს მოქალაქეებს ამ ტურბულენტურ გარემოში მეტ–ნაკლები სიმშვიდის განცდა ჰქონდეთ?

– ყველაფერი არსებული მოცემულობიდან გამომდინარეობს. უკრაინაში ომმა ძალიან ბევრი რამ უფრო ცხადი გახადა ჩვენი პარტნიორებისთვის, ვიდრე ეს მანამდე იყო. ამ შემთხვევაში საფრთხის აღქმაზე მაქვს საუბარი.

საფრთხე ჰიპოტეტური აღარაა...

– დიახ. საფრთხეს, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით (ჩვენი ტერიტორიებია ოკუპირებული), ასეთივე სიმწვავით სხვები ვერ აღიქვამდნენ. მაგრამ დღეს ეს ცხადია და როდესაც საუბრობენ პარტნიორი ქვეყნების დაცულობაზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, საფრთხე უკვე რეალიზებულია და აქედან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს ქმედებები. შესაბამისად, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მოვითხოვოთ. საფრთხე საქართველოსაც რომ ემუქრება, ამაზე უკვე მხოლოდ ჩვენ კი არა, მათ შორის სტოლტენბერგი [ნატო–ს გენმდივანი], პარტნიორი ქვეყნებიც ლაპარაკობენ. და ვინაიდან ამ საკითხზე ვთანხმდებით, უნდა ვიფიქროთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც რუსეთს აგრესიას გადააფიქრებინებს და გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, რათა მას საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოს. მაგრამ ყველაზე მთავარი პრევენციული ღონისძიებებია. აქ იგულისხმება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები: წვრთნის, შეიარაღების პროგრამები, რათა შესაძლო სამხედრო აგრესიის საფრთხე მინიმალიზებული იყოს.

ვიცით, რომ საქართველოს იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში აწყდებოდა ბარიერებს და საკითხი კიდევ უფრო გართულდა 2008 წლის ომის შემდეგ. ფიქრობთ, რომ ამჟამად მსგავსი პრობლემები მოიხსნება?

– პარტნიორები ყოველთვის ჰქონდათ დახმარების სურვილი, გვეხმარებოდნენ და მომავალშიც დაგვეხმარებიან, მთავარია, ჩვენი მოთხოვნები იყოს რეალისტური, სწორად გათვლილი. ეს ძალიან მგრძნობიარე ინფორმაციაა და ყველაფერს საჯაროდ ვერ ვიტყვი, მაგრამ აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია: საქართველო აღქმული უნდა იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად, რაც გულისხმობს საერთო საფრთხეების ერთობლივ შეფასებას და აქედან გამომდინარე პრევენციის და რეაგირების ერთობლივ დაგეგმვას; ინფორმაციის გაცვლის მაღალი ინტენსივობა – ვხედავთ, როგორ ეხმარება უკრაინას ის, რომ LIVE-რეჟიმში იღებენ სადაზვერვო ინფორმაციას პარტნიორებისგან – ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც პრაქტიკული მიმართულებით უნდა გაკეთდეს. აქ მხოლოდ წვრთნებზე არაა საუბარი. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთი ახალი განზომილება ვნახეთ, რომელიც ძალიან აქტიური გახდა და უკვე ღიად შეიძლება საუბარი, რადგან პარტნიორებიც ლაპარაკობენ – ეს კიბერ–მიმართულებაა. ჩვენ ვიცი, რომ ბოლო წლებში საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევები ძალიან ინტენსიურად ხორციელდება. აქ ნატო–ს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ საქართველო ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება. კიბერმიმართულება ჩვენი მოწინააღმდეგის ერთ–ერთი სამიზნეა, რადგან თანამედროვე სამყაროში ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია შეუძლია.

ამდენად, პარტნიორები (მათ შორის, „სკეპტიკური“ ქვეყნები) ყოველთვის გვეხმარებოდნენ. მთავარია, ნაბიჯები ერთად გადავდგათ და მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარო, სამიტისთვის კი ნუ მოვიტოვებთ ყველაფერს.

თქვენც ბრძანეთ, რომ საფრთხეებთან მიმართებით პარტნიორების აღქმადობა შეიცვალა, ანუ ამ მიმართულებით ენერგიის და რესურსის ხარჯვის საჭიროება არ დგას, მაგრამ რა რჩება სუსტ წერტილად, ამჟამად რაში უნდა დავარწმუნოთ ისინი?

– პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარებაში – ეს არის მთავარი პრობლემა. და მეორე, ეს აღარ იქნება ჩვეულებრივი სამიტი [ნატო–ს], რადგან მსოფლიო შეიცვალა. მსჯელობა მიდის უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ჯერ ნათლად არ არის გამოკვეთილი. ამ ვითარებაში ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ პროცესზე მხოლოდ დამკვირვებლები. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ აქტიურობაზე. უსაფრთხოების ახალ სისტემაში ჩვენი ადგილი თავად უნდა მოვითხოვოთ და დავანახოთ კიდეც, რადგან დიდ სურათში რომელიმე პარტნიორის გადმოსახედიდან საქართველო შესაძლოა, იმდენად მკაფიოდ არ ჩანდეს. ეს არის მთავარი სტრატეგიული ამოცანა.

ცხადია, არ ვიცით, დახურული არხებით რა სახის კომუნიკაცია მიმდინარეობს, მაგრამ ოფიციალური თბილისზე პროცესებზე დამკვირვებლის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს...

– სულ ასეც არაა და იმედი მაქვს, ბოლომდე ვიყენებთ შესაძლებლობებს. იცით, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მინისტერიალი შედგა იგივე ნატო–ს ფარგლებში, სადაც საქართველო იყო წარმოდგენილი. მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ მინისტერიალების და სამიტების ფორმატში (თუმცა აქაც), იმავდროულად ორმხრივ ფორმატებში იმ ქვეყნებთან, რომელთა ხმაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

აქვე მინდა, გკითხოთ ფინეთისა და შვედეთის თაობაზეც. ვლადიმირ პუტინის ქმედებებმა განაპირობა, რომ ნეიტრალური ქვეყნები გეგმავენ ნატო–ში გაწევრიანებას. „ხელგაშლილი ველითო“,– იყო ალიანსიდან პასუხი და თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენთან მიმართებაში კონსენსუსის დადგომამდე იქნა მიღებული, ფიქრობთ, რომ ეს ჩვენთვის რისკებს ზრდის?

– საერთაშორისო პოლიტიკა შანსების დანახვის და შენს სასარგებლოდ გამოყენების ხელოვნებაა. მსმენია მოსაზრება, „მათ თუ მიიღებენ, შემდეგ ვიღაცამ ჯავრი ჩვენზე არ იყაროსო“ და ა.შ. – მსგავსი სკეპტიკური განწყობები... საქართველო იმ მოცემულობაშია, რომ ნებისმიერი გამოწვევის შესაძლებლობად გარდაქმნა უნდა შეგვეძლოს. მოდით, სხვა კუთხით შევხედოთ: თუ სწორად დავგეგმავთ პოლიტიკას, რას ნიშნავს შვედეთის და ფინეთის ალიანსში მიღება? ამით არგუმენტი, რომელიც აქამდე გვესმოდა „სკეპტიკური“ ქვეყნებისგან, რომ „ნატო–ს რუსეთთან პირდაპირი საზღვრის გაფართოება არ სურს, რადგან არ გვინდა ვლადიმირ პუტინის გაღიზიანებაო“, ბათილდება. ამ პარადიგმის ცვლილება ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.

კიდევ ერთი არგუმენტის მოშველიება შეიძლება: გვახსოვს, ნატო–ს გენმდივნის ყოფილი სპეცწარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოსთვის MAP–ის [ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა] მინიჭების კონტექსტში ამბობდა, ამან შესაძლოა, რუსეთის პროვოცირება მოახდინოს, ხოლო წევრობამდე ალიანსი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებასო. ახლა კი პოზიცია შეიცვალა, ბრძანეს, რომ ნატო უზრუნველყოფს წევრობის თაობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ ფინეთის და შვედეთის უსაფრთხოებასო...

– დიახ, დამასწარით. სწორედ ამის თქმა მინდოდა. ფინეთი და შვედეთი არ არიან ასპირატი სახელმწიფოები. ისინი თანამშრომლობდნენ ნატო–სთან, თუმცა ნეიტრალური სახელმწიფოები იყვნენ და არასდროს განუცხადებიათ წევრობისკენ სწრაფვის თაობაზე. შესაბამისად, ბიუროკრატიული გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, მათ არ გაუვლიათ. ამ კონტექსტში ჩვენ წინ ვართ: გვაქვს ნატო–საქართველოს კომისია, ვასრულებთ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას...ეს ყველაფერი მათ არ აქვს, ისევე, როგორც, არ აქვთ MAP და თუ აქ გაწევრიანების პრეცედენტი იქნა დაშვებული, ის რატომ არ შეიძლება საქართველოზეც გავრცელდეს?! ამიტომ ვამბობ, სწორად დაგეგმილი პოლიტიკის შემთხვევაში, ნებისმიერი ასეთი ტიპის გამოწვევა საქართველოსთვის შეიძლება, ძალიან სერიოზულ შანსად გარდაიქმნას.

მესმის, როგორც გერმანიის მაგალითზე ვაპელირებდით, თუ როგორ შეიძლება, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს. მაგრამ ეს ხომ არ ხსნის დღის წესრიგიდან რუსეთმა „ჯავრი ჩვენზე არ იყაროსო“ საკითხს?

– ამისთვისაა საჭირო იმ მეორე მიმართულების გაძლიერება, რაზეც ვსაუბრობდით – თავდაცვისუნარიანობა და პარტნიორებთან ღიად საუბარი, რა ხდება ასეთ შემთხვევაში, როგორ იქნება საქართველოს უსაფრთხოება დაცული. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს კომპლექსური სამუშაოა. ახლა ყველა მიმართულებით ჰიპერაქტიურები უნდა ვიყოთ. მთელი ჩვენი ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მომართული და არა იქით, რასაც ვხედავთ (შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისკენ). რადგან მართლაც უნიკალური შანსი იქმნება, რაც იშვიათად ხდება და ამის არგამოყენება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

ისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების მეტად განვითარების აუცილებლობაზე. ჩვენს რეალობაში პერიოდულად აქტუალური ხდება საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების თემა, რასაც ცხადია, ორმხრივი პოლიტიკური მზაობა სჭირდება. პერსპექტივებთან დაკავშირებით ომამდე იყო სკეპტიკური მოსაზრებებიც, თუ რამდენად შედიოდა ეს აშშ–ის ინტერესში. ფიქრობთ, რომ 24–მა თებერვალმა ამ მიმართულებით ნიადაგი შეცვალა?

– ჩვენ თემის საექსპერტო დონეზე, ასე ვთქვათ, ლობირება შეგვიძლია, მაგრამ შემდეგ პოლიტიკოსებმა სხვა სივრცეში უნდა იმუშაონ, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ დონეზე მიიღება და მიიღება არა ერთ ღამეში. სამწუხაროდ, უფრო ემოციურ განცხადებებს ვხედავ, ვიდრე მიზანმიმართულ მუშაობას გადაწყვეტილების მიმღებებთან. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ, რომ სადღეისოდ ამ თემის რეალურად განხილვა სადმე მიმდინარეობდეს. ამას კი ძალიან სერიოზული შრომა სჭირდება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, შიგნითაც. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის ბაზის ქვეყანაში განთავსებას გარკვეული პირობები აქვს, რომელთაც სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს: ისინი უნდა ხედავენ იმგვარ პარტნიორს, სადაც ბაზის განთავსება რისკებს არ შექმნის. ანუ კვლავ მივდივართ გამჭვირვალეობამდე, პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურამდე... ქვეყანა ძალიან მკაფიოდ უნდა პოზიციონირებდეს. სამწუხაროდ, საქართველო დღეს უფრო სხვა პრობლემებითაა გართული და ნაკლები კონცენტრაციაა ეროვნულ, სტრატეგიულ ინტერესებზე.

– ვფიქრობ, გაქვთ კოლეგებთან კომუნიკაცია და მათ მიერ როგორ აღიქმება დღეს ოფიციალური თბილისის პოზიციონირება?

– ვერ გეტყვით, რომ კარგად. არა ისე, როგორც მე ან ჩვენს პარტნიორებს სურთ. აღიქმება როგორც ქვეყანა, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას, თუმცა ამ მათ ნაკლებ ყურადღებას უთმობს და გართულია შიდა კინკლაობით. ამიტომაც გვაფრთხილებენ, რადგან ჩვენს წინაშე არსებული საფრთხე იმდენად მაღალია, რომ მისი იგნორირება შესაძლოა, ძალიან ძვირად დაგვიჯდეს, შემდეგ კი მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინ რაშია მტყუანი და მართალი. საფრთხე სახელმწიფოებრიობას ემუქრება! გულწრფელად ვამბობ, ნელ–ნელა ტიტანიკს ვემსგავსებით, რომელიც აისბერგისკენ ჯიუტად მიდის! დღეს კიდევ არის საშუალება, ჩვენ წინ არსებული საფრთხე დავინახოთ და საჭე შემოვაბრუნოთ. ამისთვის კი ქვეყნის შიგნით მთავარზე კონცენტრირება გვჭირდება და არა იმაზე, რაზეც ამჟამად ვართ ფოკუსირებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები